27 ივლისი 2024,   04:17
ვრცლად
ევროკომისიის დასკვნამ კიდევ ერთხელ მოსპო საფუძველი სპეკულაციებისთვის. საქართველო იმ ჯაჭვის ნაწილია, რომელიც ევროკავშირს, ნატო-ს ეხმარება სანქციების ეფექტიანად განხორციელებაში - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დეზინფორმაცია და სპეკულაცია ვრცელდებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს ტერიტორიების გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს კითხვის ნიშანი აღარავის აქვს.

მისივე თქმით, ყველა მადლიერია, რომ საქართველო არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე არ იძლევა სანქციების გვერდის ავლის საშუალებას, არამედ  სხვა ქვეყნებიდან შემოსულ გარკვეულ გზავნილებს აკავებს საქართველოს საზღვარზე.

"ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებულმა დასკვნამ კიდევ ერთხელ მოსპო საფუძველი სპეკულაციებისთვის. მოსპო ის სპეკულაციები, რაც, სამწუხაროდ, ისევ ქართულ წიაღში წარმოიშვება ხოლმე და შემდეგ სხვადასხვა ფორმატსა და პლატფორმებზე ხდება დეზინფორმაციის გავრცელება. ევროკომისიამ თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ყველანაირი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის. ასევე არსებობს ევროკავშირის, ამერიკის და დიდი ბრიტანეთის სანქციების წარმომადგენლების ანგარიში, სადაც მითითებულია, რომ არ დასტურდება არცერთი ფაქტი, საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველოში ასეთი სპეკულაციები წარმოიშვება ქვეყნის შიგნით, თუმცა დღეისთვის კითხვის ნიშანი არავის აღარ აქვს. პირიქით, ყველა მადლიერია, რომ საქართველო არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე არ იძლევა ამის საშუალებას, არამედ თავის მხრივ, სხვა ქვეყნებიდან გამოპარულ გარკვეულ გზავნილებს აკავებს საქართველოს საზღვარზე. საქართველოს საზღვარზე 2 000-მდე ასეთი ტრანზაქცია გაჩერდა, რადგან გამოვლინდა ან სანქცირებული რაიმე საქონელი ან სანქცირებული კომპანიები. საქართველო იმ ჯაჭვის ნაწილია, რომელიც ევროკავშირს და ნატო-ს ეხმარება, რომ სანქციები ეფექტიანად იყოს განხორციელებული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები