ოპოზიცია ევროკავშირის გაფართოებისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხმაურება. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დაიბლოკება, ეს საქართველოზეც უარყოფითად აისახება.
"გაფართოების პაკეტში არ არის მხოლოდ უკრაინა, ან მოლდოვა, ან საქართველო, არამედ ყველა ის ქვეყანა, რომელსაც გაფართოება ეხება და თუ უნგრეთი შეძლებს დაბლოკოს განხილვები, რა თქმა უნდა, საქართველოს საკითხიც ამ პაკეტშია და ავტომატურად იბლოკება. როდესაც სტატუსზეც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მათ შორის გეოპოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე "ტრიოს" საკითხიც ბუნებრივია იყო, რის გამოც გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნა მიღებული," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი თეონა აქუბარდია.
მათივე შეფასებით, "ტრიოს" ქვეყნების [საქართველო, უკრაინა, მოლდოვა] თუ დაიშლება, ეს თავის მხრივ საქართველოს არასასურველ შედეგს მოუტანს.
"თუ უკრაინა დაიბლოკა, გაცხადებული აქვს რამდენიმე მაღალი რანგის პოლიტიკოსს ევროპელს, რომ დაიბლოკება ყველა დანარჩენი ქვეყანა, არა მარტო ჩვენ, მოლდოვასაც იგივე ბედი ელის. პირველი არ არის, როდესაც მათ შორის სხვა ქვეყნებიც ამას ხშირად აკეთებენ ევროპაში, რომ რაღაც საკუთარ ინტერესებს აკმაყოფილებენ ასეთი ვაჭრობით იმიტომ, რომ სრული კონსენსუსი არის საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხები ამოიღონ, რადგან ისინი მაინც ჩავარდება.