საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია მოიცავს 2024-2027 წლებს და მისი მიზანი არის მთავრობასა და საზოგადოებას შორის პროაქტიული, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემების ერთიანი ხედვის შემუშავება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
რევაზ ჯაველიძის თქმით, სტრატეგია დღეს დამტკიცდა, 2024 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში კი უშუალოდ მისი სამოქმედო გეგმის შემუშავება იგეგმება.
"დღეს საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია. ეს სტრატეგია მოიცავს 2024-2027 წლებს და მისი მიზანი არის მთავრობასა და საზოგადოებას შორის პროაქტიული, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემების ერთიანი ხედვის შემუშავება. ეს დოკუმენტი ეფუძნება მთავრობის წლევანდელ წელს დამტკიცებულ ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტს − ხედვა 2030 და სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ხედვასთან, სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, მიზნებსა და ამოცანებთან.
ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ბოლო ხანს, რეკომენდაციებსა და ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც ევროკომისიამ გვთხოვა, რომ მიგვექცია განსაკუთრებული ყურადღება, ეხება ეს დეზინფორმაციას, ისიც ავსახეთ ამ დოკუმენტში. დოკუმენტზე მუშაობა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და იგი სამი თავისაგან შედგება, მოკლე ინფორმაციას მოგახსენებთ. პირველი თავი არის ზოგადი კონტექსტი და ზოგადად, საინფორმაციო გარემოს მოკლე მიმოხილვაა. მეორე ნაწილში საუბარია უშუალოდ იმ საკომუნიკაციო ხედვაზე, სტრატეგიულ მიზნებზე და ამოცანებზე, რომელთა განხორციელების შედეგადაც უნდა მოხდეს მთავრობის პრიორიტეტების და რეფორმების ეფექტიანი კომუნიკაცია და მესამე თავი ეთმობა უშუალოდ სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების კომპონენტებს. ამ დოკუმენტში განსაზღვრულია სამი მნიშვნელოვანი მიზანი. ეს მიზნები არის: ეროვნული ინტერესების შესაბამისი და ღირებულებებზე დაფუძნებული კომუნიკაციის წარმოება და განსაზღვრულია 5 ამოცანა, ასევე, სტრატეგიის მეორე მიზნად განსაზღვრულია, რაც უკვე ვახსენე, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და რა ხედვები აქვთ ამ მიმართულებით ჩვენს შესაბამის სამსახურებს. მესამე მიზანი არის სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემაში ინსტიტუციონალური სრულყოფა. სტრატეგია დამტკიცდა დღეს, როგორც მოგახსენეთ. იგეგმება 2024 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში უშუალოდ მისი სამოქმედო გეგმის შემუშავება. ამაზე იმუშავებს ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი და ეს დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა მაქვს მხედველობაში, ყოველწლიურად განახლდება," - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.
რევაზ ჯაველიძემ ასევე უპასუხა კითხვას, რა გამოიკვეთა სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემური კვლევის შედეგად.
როგორც ჯაველიძემ აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს ყველა უწყებაში არსებულ მსგავსი ტიპის სამსახურთან და უწყებათაშორისი კოორდინაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
„ეს პირდაპირ არის დაკავშირებული, კორელაციაშია სტრატეგიულ ნაწილში განსაზღვრულ ამოცანებთან. თანამიმდევრულად რომ გითხრათ, მაგალითისთვის, პირველი მიზნის ფარგლებში, რომელიც არის ეროვნული ინტერესების შესაბამისი და ღირებულებებზე დაფუძნებული კომუნიკაციის წარმოება, მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ მთავრობის ეროვნული ხედვების და პრიორიტეტების მხარდაჭერაზე იქნება ფოკუსირებული კომუნიკაცია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ამ შემთხვევაში საზოგადოებაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ მხარდაჭერის განმტკიცება, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მთავრობის მიმდინარე თუ განხორციელებული რეფორმების შესახებ ან მომავალი რეფორმების შესახებ და ზოგადად მთავრობის იმიჯის გაუმჯობესება. ეს ვთქვათ ამ კონტექსტში. დეზინფორმაციის ნაწილში მინდა აუცილებლად მოგახსენოთ, რომ რა თქმა უნდა, დეზინფორმაცია ძალიან ვნებს ყველა მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში არსებულ განწყობებს როგორც მთავრობის მიმართ, ისევე იმ ხედვების მიმართ, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია ჩვენი ევროინტეგრაციის და ევროპულ ინსტიტუციებში ინტეგრაციის კუთხით. შესაბამისად, ფოკუსირებულია იქ სამი მიმართულება. აქ არის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების შესაძლებლობების გაზრდა, მედია წიგნიერების განვითარება და მედიასთან თანამშრომლობის გაძლიერება. და ბოლოს, ასევე აღვნიშნავ, მე ვახსენე მესამე მიზანი, ეს არის ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციების ინსტიტუციური სრულყოფა. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გაუმჯობესდება და იგეგმება გაუმჯობესება უწყებათაშორისი კოორდინაციის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ძალიან აქტიურად მუშაობს ყველა უწყებაში არსებულ მსგავსი ტიპის სამსახურთან, დეპარტამენტთან, კიდევ ვფიქრობთ, რომ მომავალი მიზნებისთვის, რომელიც გვაქვს, აუცილებელია კომუნიკაციის და კოორდინაციის გაძლიერება. ჩვენ გვაქვს ასევე სპეციალიზებული ჯგუფი სტრატეგიული კომუნიკაციების, რომლის ასევე გაძლიერებაც იგეგმება ამ სტრატეგიის ფარგლებში“, - განაცხადა რევაზ ჯაველიძე.
ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, როგორია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მთავრობის ხედვა, რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე მთავარი მეთოდი სიმართლის თქმა და სიმართლის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალური გავრცელებაა.
როგორც იცით, ზოგადად მედია წიგნიერების მიმართულებით და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, ჩვენ მაგალითად, კომუნიკაციების კომისიას თავისი პროგრამები და პროექტები აქვს. ისინი ასევე აქტიურად მუშაობენ განათლების სამინისტროსთან და ყველაზე მთავარი ბრძოლის მეთოდი არის სიმართლის თქმა. სიმართლეზე რაც შეიძლება მეტი აპელირება და სიმართლის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალური გავრცელება. ეს არის ყველაზე მთავარი მიზანი, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ გვინდა დეზინფორმაციას სწორი ინფორმაციით და მართალი ინფორმაციით ვებრძოლოთ", - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.