16 ნოემბერი 2024,   00:15
ვრცლად
მზადება ევროკავშირის სამიტისთვის - ევროპის საქმეთა მინისტრებისგან საქართველოს მიმართ მხარდამჭერი განცხადებები კეთდება

მზადება ევროკავშირის სამიტისთვის - ევროპის მომავალი და ორგანიზაციის გაფართოება, ეს ის მთავარი საკითხებია, რომელთაც ევროპის საქმეთა მინისტრები, დახურულ კარს მიღმა ამ წუთებში ბრიუსელში განიხილავენ. ევროკავშირის პირველი დიპლომატების შემდეგ, დღეს სწორედ ისინი მსჯელობენ, თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირი ისტორიული სამიტის შემდეგ.

ისევე, როგორც გუშინ, დღესაც, საქართველოს მიმართ მხარდამჭერი განცხადებები კეთდება.

"ევროკომისიის პრეზიდენტის წინადადება საქართველოს შესახებ საბჭოს დასკვნებისთვის არის ის, რომ საბჭო კომისიის რეკომენდაციის შესრულებას მიჰყვეს. ვფიქრობ, ამ საკითხზე საბჭოში არანაირი სირთულე არ არსებობს. ჩვენ ვიხილავთ ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას. საქართველოსთვის საუკეთესოს იმედი მაქვს," - აცხადებს ესპანეთის სახელმწიფო მდივანი ევროკავშირის საკითხებში პასკალ იგნასიო ნავარო.

მინისტრები იმედოვნებენ, რომ არ იქნება დარღვეული ერთობა და ლიდერები მიაღწევენ კონსენსუსს, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნას მიღებული საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვისაც.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ამ კვირაში, რადგან ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობას. მე ოქტომბერში ვიყავი საქართველოში და ვნახე, რამხელა ენთუზიაზმია ქვეყანაში ევროკავშირთან დაკავშირებით. ასევე, საქართველომ გაატარა რეფორმები, მაგრამ ცხადია, რომ ქვეყანას ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი. ჩვენ, ამ მხრივ, ველოდებით თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს მომავალ წელს," - აცხადებს ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი.

ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ხავიერ ბეტელი ამბობს, რომ ლუქსემბურგი არასოდეს ყოფილა გაფართოების წინააღმდეგი.

"არ მინდა ერთი ქვეყნის გამორჩევა. ფაქტია, რომ ჩვენ გვაქვს ახლა მოლდოვისა და ასევე უკრაინის საკითხი. ასევე, საქართველო და ბალკანეთი. ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსიები და კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები. ლუქსემბურგი არასოდეს ყოფილა გაფართოების წინააღმდეგი.

არ მინდა პროვოკაციული ვიყო, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა ამბობს, რომ ვერ გავფართოვდებით, რადგან ეს ძალიან ძვირი დაჯდება. უბრალოდ, მინდა შეგახსენოთ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ამას ამტკიცებენ, არ იქნებოდნენ დღეს ევროკავშირის წევრი, თუ ჩვენ გვექნებოდა იგივე მიდგომა, როდესაც ისინი კანდიდატები იყვნენ, თუნდაც უნგრეთი. ჩვენ არ ვართ ბაზარში, რომ ვთქვათ თქვენ გვაძლევთ, ჩვენ ვიღებთ და ჩვენ არ ვადგენთ ფასს. არსებობს წესები და ჩვენ ამ წესებს უნდა მივყვეთ. თუ იქნება ვეტო, მე მინდა, გავიგო, რატომ გამოიყენეს ვეტო, ის უნდა იყოს გამართლებული," - აცხადებს მინისტრი.

დღის ამბები