ევროპული საბჭოს გენერალური სამდივნო ევროკავშირის გაფართოების შესახებ დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის 8 ნოემბრის ანგარიშსა და რეკომენდაციებს საქართველოს შესახებ და ევროსაბჭოს მიერ ამ საკითხის მომავალი განხილვის მოლოდინშია.
საბჭო აქვე საქართველოს მოუწოდებს გამოავლინოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებებისადმი, განაგრძოს პროგრესი დღის წესრიგში არსებულ რეფორმებში და შეასრულოს კომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, მნიშვნელოვნად და შეუქცევადად, რადგან მომავალი ევროკავშირის წევრობისკენ წინ წავიდეს.
ევროკავშირის მინისტრთა საბჭო დადებითად აფასებს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნამდვილ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობისკენ.
საქართველოსთან ერთად, დასკვნა ეხება ბალკანეთის ექვს პარტნიორ ქვეყანას, თურქეთს, უკრაინასა და მოლდოვას.
"საბჭო მიესალმება საერთო კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ წყობასა და ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის - დამკვირვებელ ორგანიზაციებს და ამბობს, რომ ეს ელემენტები საქართველოს აძლევს მყარ საფუძველს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების წინსვლისათვის. საბჭო განსაკუთრებით აცნობიერებს საერთო პროგრესს საჯარო მმართველობის რეფორმის, სახელმწიფო შესყიდვებისა და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით. საბჭო მიესალმება საქართველოს სრულ მომზადებას წევრობის ვალდებულებების შესასრულებლად, ხელს უწყობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მდგრად დონეს. საბჭო მოუწოდებს საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოავლინონ კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, დაძლიონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება, კიდევ უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა და შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები და რეფორმების დღის წესრიგი. საბჭო ამბობს, რომ საქართველომ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა და აქტიურად, ინკლუზიურად და მნიშვნელოვნად მონაწილეობა პოლიტიკის შემუშავების პროცესში. დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება და მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები უნდა დარჩეს ქვეყნის პრიორიტეტად. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით 2024 წელს და სრულად განახორციელოს ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გასული არჩევნების რეკომენდაციები", - აღნიშნულია დასკვნაში.