დოკუმენტი, რომელიც ევროკომისიის მხრიდან არის შეთავაზებული, არა მარტო იმის ანალოგია, რაც პარლამენტში იყო ჩვენთან დაინიცირებული, არამედ შეიცავს ბევრად უფრო მკაცრ რეგულაციებს და შეზღუდვებს ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ინიცირებულ კანონს დაარქვეს რუსული კანონი, როდესაც ამ კანონს განიხილავს ევროკომისია, ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი სტრუქტურა.
„აქედან ჩანს, რამდენად ყალბი იყო ის კამპანია, რომელიც წარიმართებოდა ჩვენს ქვეყანაში. თავის დროზე ამ კამპანიას ერთადერთი მიზანი ჰქონდა, რომ „ენჯეოების“ დაფინანსება არ გამხდარიყო გამჭვირვალე, რადგან ამ დაფინანსების დიდი ნაწილი მიმართული იყო რევოლუციური პროცესებისა და ექსტრემიზმისკენ. ამ „ენჯეოებსა“ და მათ დონორებს არ სურდათ ამ ფინანსების გასაჯაროება. საბოლოო ჯამში, მათ მაინც მიიღეს პასუხი. რეალურად საზოგადოებამ გაიგო ყველაფერი იმაზე, თუ ვინ იღებს ფინანსებს ექსტრემიზმისთვის, რევოლუციური პროცესებისთვის, აქედან გამომდინარე, დღეს საზოგადოება ბევრად უფრო მეტად არის შეიარაღებული ინფორმაციით ამ პროცესებთან დაკავშირებით, ვიდრე იყო იქამდე, ვიდრე მოხდებოდა კანონის ინიცირება.
საზოგადოებას დღესაც არ აქვს ინფორმაცია უცხოური დაფინანსების 95 პროცენტის შესახებ, მხოლოდ 5 პროცენტია გამჭვირვალე. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ყველაფერზე, რაც ხდება საქართველოში, რაც დაკავშირებულია, პირდაპირ თუ ირიბად, პოლიტიკურ პროცესებთან. „ენჯეოების“ დაფინანსება გაუმჭვირვალედ რომ რჩება, არის სერიოზული პრობლემა, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც მოვახერხეთ საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად სრული ინფორმაციის გაზიარება იმაზე, თუ ვინ რას აფინანსებს ამ ქვეყანაში. დღეს საზოგადოება კანონის გარეშეც არის საკმარისად ინფორმირებული ამ პროცესების შესახებ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვხედავთ აუცილებლობას იმისა, რომ საქართველოში ასეთ კანონი იყოს დაინიცირებული და მიღებული“, – განაცხადა კობახიძემ.