16 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
უცხოური დაფინანსებით მულტიმილიონერი „ენჯეოები“ მოქმედებენ არა საქართველოს, არამედ დამფინანსებლის ინტერესებით. მარტში ვითხოვდით, რასაც დღეს ითხოვს ევროკავშირი - დაფინანსება იყოს გამჭვირვალე - შალვა პაპუაშვილი

სამწუხაროდ, უცხოური დაფინანსებით ჩვენ გვყავს რამდენიმე მულტიმილიონერი „ენჯეო“, რომელიც პირდაპირ აჩვენებს, რომ ისინი მოქმედებენ არა საქართველოს, არამედ თავისი დამფინანსებლის ინტერესებით, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის მიერ  დემოკრატიის დაცვის პაკეტის მიღებას, რომელიც პოლიტიკაში გამჭვირვალობის  გაძლიერებას გულისხმობს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ბედის ირონია სწორედ იმაშია, რომ ახლა ევროკომისიის მხრიდან ამ კანონის ინიცირება სწორედ დემოკრატიის დაცვის ნაწილია. მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს მარტში დემოკრატიის დაცვის შესაძლებლობა არ მიეცა.

"გავიხსენოთ ფაქტები, მაგალითად, ზოგიერთი ქვეყნის ინტერესია, საქართველომ დაუწესოს სანქციები რუსეთს, ქართველი ხალხის ინტერესი არ არის საქართველომ სანქციები დაუწესოს რუსეთს. ვის ინტერესებს იცავენ მულტიმილიონერი „ენჯეოები“? თავისი დამფინანსებლის ინტერესებს, რომლებიც ამას ამბობენ. ზოგიერთი ჯგუფის ინტერესი იყო, საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, მათ შორის, უცხოური პოლიტიკური ჯგუფების. ქართველი ხალხის ინტერესია, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ვის ინტერესს ატარებდნენ მულტიმილიონერი „ენჯეოები“ იმით, რომ უცხოელ პარტნიორებს არწმუნებდნენ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ან გადაედოთ გადაწყვეტილება, პირდაპირ სტატიებს უძღვნიდნენ ამას „ენჯეოების“ წარმომადგენლები, ან სტატუსს თუ მოგვცემდნენ, ისე მოეცათ, რომ ეს ყოფილიყო ინსტრუმენტი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის. ზოგიერთი ქვეყნის ინტერესია, საქართველოს მოქალაქეებს დაუწესონ სანქციები მტკიცებულებების გარეშე, ქართველი ხალხის ინტერესია, კანონის უზენაესობა იყოს დაცული და სანქციების დაწესება, ან ვინმეს სანქცირება მტკიცებულებების გარეშე არ მოხდეს. ვის მხარეს დადგნენ მულტიმილიონერი „ენჯეოები“? საკუთარი დამფინანსებლის მხარეს და საუბრობენ მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით, სადაც მტკიცებულებები არ არსებობს. ყველა ასეთ გარემოებაში მილიონერი „ენჯეოები“, რომლებიც სახელს უტეხენ სამოქალაქო სექტორს, ამტკიცებენ, რომ ისინი არიან არა საქართველოს ერთგული, არამედ თავისი დამფინანსებლის", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პატრიოტიზმი სამართლებრივი განზომილება არ არის, თუმცა, ეს მორალური პასუხისმგებლობაა.

"რა თქმა უნდა, პატრიოტიზმი არ არის სამართლებრივი განზომილება, სამართლებრივად ვერ მოსთხოვ და მათი უფლებაა, ვისი ინტერესიც უნდათ, იმისი გაატარონ, მაგრამ ეს მორალური პასუხისმგებლობაა. მათ გაკეთებული აქვთ მორალური არჩევანი, რომ საკუთარი დამფინანსებლის ინტერესების ლობისტები არიან და არა საქართველოს ინტერესების. ერთადერთი, რასაც ჩვენ მარტში ვითხოვდით და რასაც დღეს ითხოვს ევროკავშირი დირექტივის ინიცირების სახით, არის ის, რომ დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვისი ინტერესებით მოქმედებენ.
რაც შეეხება თავად ამ პროექტს, იდეას, ამაშია ბედის ირონია. კანონპროექტი დაინიცირებულია, როგორც ევროკავშირის დირექტივა, დაველოდებით, მიიღებენ ამ დირექტივას და მგონი, აქეთ მოგვთხოვენ, მივიღოთ ამ დირექტივის შესაბამისი კანონი. მაშინ კი ნამდვილად ირონიულად ჩაგვეცინება, როდესაც დირექტივის სახით შემობრუნდება ეს თემა და აქეთ მოგვთხოვენ ასეთი სახის კანონი მივიღოთ იმის ფონზე, როცა ბევრი უცხოელი აქტორი მარტში პირდაპირ დეზინფორმაციულ შტურმზე იყო საქართველოს წინააღმდეგ და ქართული საზოგადოების ნაწილის ტყუილში დარწმუნება მოახერხეს. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ეს კანონი დემოკრატიის დაცვის ნაწილია. ჩვენ მაშინ დემოკრატიის დაცვის შესაძლებლობა არ მოგვეცა, რადგან აგრესიული ჯგუფები, რომელთა ძირითადი ნაწილი ზუსტადაც უცხოეთიდან არის დაფინანსებული, საქართველოს ისტორიაში პირველად მანქანებს ამტვრევდნენ, პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ და საქართველოს პარლამენტს ცეცხლი წაუკიდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები