საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიულოცა ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და მედიასა და საზოგადოებას გააცნო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკომისიაში უკვე გადაგზავნილია.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, გეგმა არის გამოხმაურება იმ რეკომენდაციებზე, რომელიც საქართველომ ცოტა ხნის წინ ევროკომისიისგან მიიღო.
"მინდა, ძალიან მოკლედ გაგიზიაროთ სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ უკვე გავაგზავნეთ ევროკომისიაში. ეს არის გამოხმაურება იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც მივიღეთ, ევროკომისიის მიერ შემუშავებულ დადებით რეკომენდაციაზე, რომელიც მიეცა ევროპულ საბჭოს. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით ტრადიციულად ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკომისიასთან, რათა შედეგზე ორიენტირებულად ვმართოთ ჩვენი მოლოდინები, მათიც და ჩვენიც, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც დღეს გვაქვს. ჩვენი მთავარი მიზანია, ეს რეფორმები იყოს შეუქცევადი და საქართველომ, ჩვენმა ხელისუფლებამ თანმიმდევრულად განახორციელოს ეს რეფორმები.
პირველი არის ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა. ამ მიმართულებით, 11 დეკემბერს მთავრობის განკარგულებით უკვე დამტკიცდა 2024-2027 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია. სტრატეგიაში ცალსახად გაწერილია და თანმიმდევრულად არის გადმოცემული ის აქტივობები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა განახორციელებს დეზინფორმაციის მიმართულებით.
მეორე კომპონენტი გახლავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩასატარებელი აქტივობები. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ნატო-სა და ევროკავშირის ცენტრი, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს ყოველი წლის განმავლობაში იმ სიკეთეებისა და ფასეულობების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზე, რომელიც მოაქვს ევროკავშირს. შესაბამისად, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც საქართველოს მოსახლეობასთან ცნობადობის ასამაღლებლად, რა სიკეთეები მოაქვს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას.
შემდეგი რეკომენდაციაა ევროკავშირის ერთიან, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს დაახლოების გაუმჯობესება. ამ საკითხზე არაერთხელ გაგიზიარეთ ჩვენი შეხედულებები. უკვე ვმუშაობთ ევროკომისიასთან, პრაქტიკულად უკვე 50%-ს მიაღწია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, განცხადებებთან საქართველოს მიერთებამ. მომავალში გაგრძელდება და დარწმუნებული ვართ, რომ გვექნება კიდევ უფრო უკეთესი შედეგი, ეს არის ჩვენი გრძელვადიანი ვალდებულება.
შემდეგი რეკომენდაციაა შემდგომი მუშაობა პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე. ამ მიმართულებით აქტივობები გაგრძელდება, ეს არის პარლამენტის ნაწილი.
პარლამენტი ამ მიმართულებით გადადგამს კიდევ კონკრეტულ ნაბიჯებს. ჩვენი ხელისუფლება როგორც მანამდე, დღესაც და ხვალაც გააგრძელებს მაქსიმალურ ღიაობის პოლიტიკას, რათა ინკლუზიურობა უზრუნველყოფილი იყოს. ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, თუ ოპონენტთან, რომელიც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის წარმატებული ევროპული ინტეგრაციით, ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა. ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიის ჩართვა იგეგმება ევროინტეგრაციასა და სხვა ძირითად რეფორმებთან დაკავშირებულ სამუშაო ფორმატებში. ასევე იცით, რომ საქართველოს პარლამენტში გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამ ფორმატშიც გაგრძელდება აქტიური მუშაობა და მმართველი გუნდის მცდელობა, რათა ინკლუზიურობა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ გავაგრძელებთ ღიაობის პოლიტიკას, მათ შორის ამ მემორანდუმის ფარგლებში. რაც შეეხება თარიღებს, 2023/2024 წელს იქნება კონკრეტული აქტივობები," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.