18 ოქტომბერი 2024,   08:03
ვრცლად
საქმე გვაახლოებს ევროკავშირის წევრობასთან, ხოლო ისტერია გვაშორებს მას - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მთავრობასთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით, პარლამენტმა ნაყოფიერად იმუშავა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და საჭირო რეფორმების გატარებაზე.

როგორც პაპუაშვილმა "ელჩების კონფერენცია 2023-ზე" სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქმე საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან აახლოებს, ხოლო ისტერია აშორებს მას.

"მთავრობასთან ერთად და მათთან მჭიდრო კოორდინაციით, პარლამენტმა ნაყოფიერად იმუშავა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და საჭირო რეფორმების გატარებაზე. საპარლამენტო საქმიანობის მესამედი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას მიეძღვნა. ასევე, მთავრობის მსგავსად, პრაქტიკულად მთლიანი პარლამენტი იყო ჩართული ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან დიპლომატიურ მუშაობაში, რომელიც კანდიდატის სტატუსის მოპოვებით დაგვირგვინდა.

საპარლამენტო დიპლომატიური ძალისხმევა შეუძლებელი იქნებოდა თქვენი აქტიური და პროფესიულად მაღალი დონის მხარდაჭერის გარეშე. ამიტომ მოლოცვასთან ერთად, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პროფესიონალიზმისთვის. თქვენ დიდი წვლილი შეიტანეთ ქვეყნის ევროპული მომავლის განმტკიცებაში. ევროკავშირის წევრობის გზაზე ორი ფუნდამენტური ნაბიჯიდან ერთს უკვე მივაღწიეთ – მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი. ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი ენერგიით უნდა შევუდგეთ მეორე ნაბიჯისკენ – ევროკავშირში სრული წევრობისკენ სიარულს. კანდიდატის სტატუტის მოპოვების წელიწად-ნახევრიანმა პროცესმა აჩვენა, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს არა ის, თუ რომელ დღეს თუ თვეს დაიწყება ესა თუ ის ეტაპი, არამედ ის, რომ საერთო ჯამში, პროცესი დასრულდეს რაც შეიძლება მალე, ნაკლები ისტერიით და შედეგზე მეტად ორიენტირებით. საქმე გვაახლოებს ევროკავშირის წევრობასთან, ხოლო ისტერია გვაშორებს მას. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან შემდგომ დაახლოებას, რათა ევროკავშირის მხრიდან სტრატეგიული მზადყოფნის შემთხვევაში, მოლაპარაკებების დაწყების მომენტიდან დროულად დავასრულოთ მოლაპარაკებები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები