16 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ბიორნ ბერგეს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ევროპის საბჭოს მიმართ სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. მან ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის უკანასკნელ კონსოლიდირებულ ანგარიშზე, რომელმაც პირველად აღიარა საქართველოს რეგიონების ოკუპაცია ტერმინ "საოკუპაციო ხაზის" გამოყენებით. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით.

ბიორნ ბერგემ ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას. მან დადებითად შეაფასა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობა, რომლის შედეგადაც დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხად განისაზღვრა ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა.

ბიორნ ბერგემ ისაუბრა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს მეოთხე, 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებაზე, რომლის მეშვეობითაც ევროპის საბჭო მაქსიმუმს გააკეთებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშესაწყობად.

მან, ასევე, დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროპის საბჭოს მტკიცე მხარდაჭერა.

დღის ამბები