16 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილი, სულ მცირე, 10 საქმეზე ჰყავს გასამართლებული - ის კრიმინალია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებითაც - რატი იონათამიშვილი 

მიხეილ სააკაშვილი იმ დანაშაულებს უტიფრად არ აღიარებს, რომელიც ჩადენილი აქვს. ახლა იხვეწება, რომ გაათავისუფლონ და გარეთ გამოვიდეს, ანუ, კიდევ ერთხელ უპირისპირდება სამართლიანობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების ბენეფიციარი დამსახურებულად არის, მან უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა.

„სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილი, სულ მცირე, ათ საქმეზე ჰყავს გასამართლებული. სააკაშვილი კრიმინალი და დამნაშავეა არა მხოლოდ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებებით, არამედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებითაც. ცხადია, მან სასჯელი უნდა მოიხადოს. სააკაშვილის უფლებები რამდენად დაცულია, ყველაზე ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა, მისი უფლებები მაღალი სტანდარტებით არის დაცული და ეს თქვა სტრასბურგის სასამართლომ. თუმცა ოპოზიციის მხრიდან დეზინფორმაციულ კამპანიას ვხედავთ, რაც მათი სავიზიტო ბარათია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ქართველმა ხალხმა ახლავე უნდა დამიხსნას პატიმრობიდან“.

18 იანვარს „წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასება გამოაქვეყნა და გარკვეული რეკომენდაციები გასცა. შეფასებაში აღნიშნულია, რომ ყველა პატიმარი, რომელიც „ვივამედის“ დაცულ ნაწილში იმყოფებოდა, დათანხმდა იქ მკურნალობას ნებაყოფლობით ან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე. მათი უმრავლესობა კმაყოფილია მიღებული მკურნალობით.

„თითქმის ყველა ოთახს დიდი ფანჯრები ჰქონდა, რაც უზრუნველყოფდა კარგ ბუნებრივ განათებას და სასიამოვნო ხედს. თუმცა ეს არ ეხებოდა სააკაშვილის ოთახს, სადაც ფანჯრებში დაბურული შუშა იყო ჩასმული და პრაქტიკულად არ იღებოდა (კლინიკაში მიღების შემდეგ, ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში). ამ კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა კომიტეტს თავის 2023 წლის 12 აპრილის წერილში, რომ ფანჯრებში დაბურული შუშები შეიცვალა და ბ-ნ ს.-ს მიეცა გარე ხედისა და მზის შუქის ხილვის საშუალება. კომიტეტი მიესალმება ამ პოზიტიურ ნაბიჯს. სააკაშვილის ოთახი კარგად მოწყობილია (მას ჰქონდა დივანი, მაგიდა, სკამები და მაცივარი), განსხვავებით მე-4 და მე-6 სართულების ოთახებისა, სადაც პაციენტების ოთახებში ძირითადად მხოლოდ საწოლები და პატარა კარადები იყო განთავსებული, არ ჰქონდათ სკამები და მაგიდები (გარდა რამდენიმე ოთახისა, სადაც უფრო მძიმედ დაავადებული პაციენტები იმყოფებოდნენ), რაც ნიშნავდა, რომ პაციენტებს საკვების მიღება მხოლოდ საწოლზე მჯდომარეებს შეეძლოთ (არ იყო გამოყოფილი სასადილო ოთახები). დელეგაციამ ნათლად დაინახა, რომ პაციენტების უმეტესობა არ იყო საწოლზე მიჯაჭვული. კომიტეტი „ვივამედის“ კლინიკის მე-4 და მე-6 სართულების პაციენტების ოთახების ავეჯით უზრუნველყოფის რეკომენდაციას იძლევა, ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია კომიტეტის შეფასებაში.

დღის ამბები