16 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
ხალხის ძალა "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას ითხოვს - ვინ ემხრობა იდეას და რა დანაშაულებზეა საუბარი მოძრაობის მიერ გამოქვეყნებულ წერილში 

ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, “ელიტური” კორუფცია, არჩევნების გაყალბება, ტელევიზიების მიტაცება, ქვეყნის ტერიტორიების რუსეთისთვის ჩაბარება - ეს იმ დანაშაულთა არასრული ჩამონათვალია , რომლის გამოც, "ხალხის ძალის" აზრით "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" უნდა გასამართლდეს. მოძრაობაში ამბობენ, რომ ეს არის აგენტურა, რომელიც ერთი ცენტრიდან - გლობალური ომის პარტიიდან იმართება.

გასამართლების იდეას, არასერიოზულად აღიქვამენ იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებსაც ხალხის ძალა კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში მოიაზრებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ მათ დისკრედიტაციას ცდილობენ.

მოძრაობა "ხალხის ძალაში" ამბობენ, რომ "გლობალური ომის" პარტია კრიზისში მყოფი ოპოზიციის დახმარებას ე.წ. "შუაშისტური" ძალის შექმნით ცდილობს და არჩევნებამდე არჩევანს სააკაშვილსა და ზურაბიშვილს შორის გააკეთებს. წერილში საუბარია კონკრეტულ სქემაზეც, რომლის მიხედვითაც ოპოზიციამ ბარიერის გადალახვა უნდა შეძლოს. თუმცა, სქემაში საუბარია ექსპრეზიდენტის ციხეში დარჩენის ვერსიაზეც. ამ შემთხვევაში "ხალხის ძალის" წევრების აზრით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს და "ლელოს" შეუერთდება. შესაძლოა ამ ბლოკს მიუერთონ-მელია-გვარამიაც.

პარტია "ლელოში" პრეზიდენტთან პოლიტიკურ კავშირს ამ ეტაპზე უარყოფენ. თუმცა ადასტურებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის სურვილის შემთხვევაში, მზად არიან მას "ლელოს" კარი გაუღონ.

"კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" პოლიტიკური განაჩენი საქართველოს მოსახლეობამ ჯერ კიდევ 2012 წელს გამოუტანა" - ასე ფიქრობენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ საზოგადოების უნდობლობას ოპოზიციის მიმართ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიც გამოაჩენს.

"გლობალური ომის პარტიის" და საქართველოში ოპოზიციური ძალების შესაძლო კავშირზე და საერთო პოლიტიკურ მიზნებზე, საზოგადოების ინფორმირებას, მოძრაობა "ხალხის ძალა" მომავალშიც აპირებს.

 

დღის ამბები