22 დეკემბერი 2024,   21:27
ვრცლად
ქალი, რომელიც 11 წლის შვილის გაუპატიურებაში ქმარს ეხმარებოდა - უმძიმესი დანაშაულის დეტალები "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა

შემზარავი დანაშაული და უმძიმესი ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა ქალი - "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, მამინაცვალს 11 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბავშვის დედა პირადად ეხმარებოდა. ქალი თბილისის ერთ-ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა ხელბორკილებით გამოიყვანეს. მას სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მეზობლები ჰყვებიან, რომ სახლიდან ხშირად ესმოდათ ქალის ყვირილისა და ბავშვების ტირილის ხმა. სწორედ ერთ-ერთი მეზობლის მიერ პოლიციაში განხორციელებული ანონიმური შეტყობინება გახდა მძიმე დანაშაულის გახსნის წინაპირობა. გამოძიებით დადგინდა, რომ 33 წლის მამინაცვალი მოზარდს სისტემატურად აუპატიურებდა, მათ შორის, სავარაუდოდ, დედის თანდასწრებით.

სექსუალურად მოძალადე მამინაცვალი უკვე 19 წლიან პატიმრობას იხდის. მის მიმართ საბოლოო განაჩენი სასამართლომ რამდენიმე დღის წინ გამოიტანა თუმცა, "კურიერის" ინფორმაციით, პედოფილიაში მხილებულ კაცს მალე ბრალს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაუმძიმებენ, ამჯერად, ტრეფიკინგის მუხლით. "რუსთავი2"-მა გაარკვია ისიც, რომ კაცი საკუთარ გერს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისის ქუჩებში მათხოვრობასაც აიძულებდა. 11 წლის ბავშვის მიერ მოწყალებით გამომუშავებულ თანხას კი მთლიანად მამინაცვალი განკარგავდა. არასრულწლოვანი სოციალურმა სამსახურმა სპეციალიზებულ თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

სახლი, სადაც ახალგაზრდა ქალი უმძიმესი ბრალდებით დააკავეს, ახლა დაკეტილია. გამოძიების ინფორმაციით, 11 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობისთვის მამინაცვალი გასულ წელს დააკავეს, ერთი წლის შემდეგ კი საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რის საფუძველზეც დღეს შვილზე ძალადობის ხელშეწყობისთვის მოზარდის დედასაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

მოზარდზე სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციამ ანონიმური სატელეფონო ზარით შეიტყო. "კურიერთან" ადგილობრივებიც ამბობენ, რომ სახლიდან ხშირად გამოდიოდა ჩხუბის და ბავშვის ტირილის ხმა. ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდა, რომ არასრულწლოვანი მამინაცვლის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა დედის მიმართ. მტკიცებულებების ერთობლიობით კი გაირკვა, რომ ბავშვის დედა 33 წლის მამაკაცს, 11 წლის შვილის გაუპატიურებაში ხელს უწყობდა.

უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ქალი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ბრალდებული ქალის ინტერესების დამცველი საქმის სპეციფიკურობიდან გამომდინარე დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა "კურიერს" უდასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი არასრულწლოვანის გაუპატიურებაში დახმარების მუხლით წარედგინა. ადვოკატი ამბობს, რომ უმძიმეს დანაშაულში მხილებული დედა დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ბრალდებული ქალის საქმის არსებით განხილვას სასამართლო, სავარაუდოდ, თებერვალში დაიწყებს. არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამინაცვალს კი მოსამართლემ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა უკვე შეუფარდა.

დღის ამბები