"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ იმ პროცედურებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც პირმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელებამდე უნდა გაიაროს.
მდინარაძემ, არ დააკონკრეტა ვინ იქნება წარდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატმა, თუმცა ადასტურებს, რომ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა აქტიურად განიხილება.
"პოლიტსაბჭოს მიერ მოწვეული იქნა ყრილობა, რომელიც გაიმართება პირველ თებერვალს, იქ დამტკიცდება ცვლილებები.
პოლიტსაბჭო ირაკლი ღარიბაშვილს წარადგენს პარტიის თავმჯდომარედ, შესაბამისად, მის, როგორც პოლიტიკური მდივნის ადგილს დაიკავებს ირაკლი კობახიძე.
რაც შეეხება, პრემიერის თანამდებობას, გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, განიხილება მისი კანდიდატურა, ოღონდ, უნდა ვთქვათ, ფორმალობა დასაცავია, ეს არის წესი, რომლის მიხედვითაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ჩვენი პარტიის წესდების მიხედვით წარუდგენს პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად და ამის შემდეგ ხდება კანდიდატი. შემდეგ, პარტიის თავმჯდომარის ხელის მოწერით, ის წარედგინება პარლამენტს, პარლამენტში გაიმართება ჯერ კომიტეტების სხდომები, შემდეგ მთავრობის შემადგენლობა კანდიდატის ხელმძღვანელობით შეხვდება როგორც ოპოზიციას, ისე უმრავლესობას და ამის შემდეგ ხდება პარლამენტის მიერ კენჭისყრა.
ყველა ეს პროცედურა, პარტიის წესდებით არის დასაცავი, ამიტომ, წინასწარ ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატი დღეს არის ვინმე, თუნდაც ფორმალური თვალსაზრისით, არ არის მიზანშეწონილი.
ადამიანი კანდიდატი იქნება მას შემდეგ, რაც პოლიტსაბჭოს წარუდგენს პარტიის საპატიო თავმჯდომარე, პოლიტსაბჭო დაამტკიცებს და ამის შემდეგ ყრილობა თავის მხარდაჭერას დააფიქსირებს", - განმარტა მამუკა მდინარაძემ.