პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას მომავალ კვირას დაამტკიცებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პროცედურა რამდენიმე დღიანია, სამთავრობო პროგრამის განხილვა ჯერ კომიტეტებში, შემდეგ პლენარულ სხდომაზე მოხდება. მანამდე კი, 1 თებერვალს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ყრილობის დელეგატებს უნდა წარუდგინოს.
"რაც შეეხება მომავალ სამთავრობო კაბინეტს, ეს უპირველეს ყოვლისა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ გადასაწყვეტი საკითხია და სრულად მისი კომპეტენციაა. პარლამენტი ემზადება იმისთვის, რომ განიხილოს მომავალი კაბინეტის შემადგენლობა და პროგრამა. ჩვენი გეგმა არის, რომ მომავალ კვირას, პირველ სასესიო კვირაშივე მოხდეს ახალი მთავრობის განხილვა და მომავალ კვირაშივე დავამტკიცოთ ახალი მთავრობა. უახლოეს დღეებში გაიმართება ასევე ბიუროს სხდომა, სადაც დავამტკიცებთ გრაფიკს კომიტეტებზე სამთავრობო გეგმის განხილვისა და შემდეგ უკვე მომავალ კვირაში გვექნება კენჭისყრა მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა "კურიერთან" საუბრისას.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერი ხდება, ირაკლი ღარიბაშვილი კი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.