ირაკლი კობახიძე, პარლამენტისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეობის მრავალწლიანი გამოცდილებით, პრემიერ-მინისტრი პირველად ხდება. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ქვეყანაში "ქართული ოცნების" 4 პრემიერი შეიცვალა. პირველად ხდება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირად კანდიდატი საკანონმდებლო ორგანოდან დასახელდა. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მათი ლიდერი მთავრობაშიც წარმატებული ექნება - პირველ რიგში, მისი პროფესიონალიზმის, მკაფიო ხედვის, პრაგმატული გადაწყვეტილებებისა და კრიზისების მართვის უნარის გამო.
კონსტიტუციის ავტორი - ირაკლი კობახიძის ამ სტატუსზე არავინ დავობს, პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად. ყველას ახსოვს 2017–2018 წლებში მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა. შედეგად, ქვეყანა ევროპული ტიპის კლასიკური საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადავიდა.
ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული გახდა, კონსტიტუციაში კი ჩაიწერა, რომ ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად, საგარეო კურსის თვალსაზრისით, განსაზღვრულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. რეფორმის გამო, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ პირადად გადაუხადა მადლობა ირაკლი კობახიძეს და რეფორმას მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.
ევროპული კონსტიტუციის ავტორობასთან ერთად, კოლეგები მმართველი გუნდიდან ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებაშიც ირაკლი კობახიძის განსაკუთრებულ როლზე აკეთებენ აქცენტს.
კონსტიტუციის ავტორი წლების შემდეგ ქვეყნის მთავარი კანონის დამცველად იქცა, პირდაპირი მნიშვნელობით, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის მხრიდან ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევის საკითხი განიხილებოდა. სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს ოპონირებას ირაკლი კობახიძე პირადად უწევდა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაშინ პროცესზე სწორედ მთავრობის უფლებამოსილებებს იცავდა. პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინდა.
ქართულ პოლიტიკაში ირაკლი კობახიძე პირველად 2015 წელს გამოჩნდა, როდესაც "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე წარადგინეს; 2016 წლის 18 ნოემბერს აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარედ, 3 წლის შემდეგ კი, ეს თანამდებობა 20 ივნისის ცნობილი მოვლენების დროს დატოვა და პარლამენტის თავმჯდომარეობიდან თავად გადაგა.
2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" სიის მე-3-ე ნომრად დასახელდა - საკუთარი თავის წარდგენა მაშინ მას თავად მოუხდა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად კობახიძე ორჯერ აირჩიეს - 2020-ში და 2021 წელს, როდესაც ევროპის საბჭომ მის კანდიდატურას მეორედ დაუჭირა მხარი.
2021 წელს კი, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ხდება.
პროფესიით იურისტი, 45 წლის ირაკლი კობახიძე მმართველ პარტიას ბოლო 3 წლის განმავლობაში თავმჯდომარეობდა. მომავალ პრემიერს კომპეტენციას ვერც ოპოზიცია უწუნებს, თუმცა აქცენტს მის ეკონომიკურ სფეროში ნაკლებ გამოცდილებაზე აკეთებს.
მწვავე კრიტიკა ირაკლი კობახიძისგან ოპონენტებს არაერთხელ მოუსმენიათ, როგორც სატელევიზიო ეთერებსა თუ კომენტარებში, ისე - საპარლამენტო ტრიბუნიდან. უმრავლესობის შეფასებით, ირაკლი კობახიძის გადასვლა საკანონმდებლოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში პარლამენტისთვის დიდი დანაკლისი იქნება.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოზიციაზე ყოფნის დროს, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, შედგა არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაო ვიზიტი, მათ შორის - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებში. მისი ბოლო ვიზიტისას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა.
პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად, ირაკლი კობახიძე აკადემიურ თანამდებობაზეც მუშაობს. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, იურიდიული სახელმძღვანელოებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.