ერთი დღე „ქართული ოცნების" პარტიულ ყრილობამდე - სწორედ ხვალისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა დაასახელოს ოფიციალურად "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერმინისტრობის კანდიდატი და ის, დასამტკიცებლად, პოლიტსაბჭოს წარუდგინოს.
ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ახალ პრემიერად განიხილება ირაკლი კობახიძეა. ყრილობაზევე მოხდება მთავრობის უკვე ყოფილი მეთაურის "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ დანიშვნაც.
ხვალინდელი ყრილობის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი, რა ცვლილებები იქნება მინისტრთა კაბინეტში.
პირველი თებერვლის შემდეგ, პროცესები უკვე საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. სამთავრობო პროგრამას ჯერ კომიტეტები და ფრაქციები განიხილავენ, შემდეგ კი, დასკვნასთან ერთად, უგზავნიან ბიუროს, რომელმაც, პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისთვის, პარლამენტში გასამართი სხდომის თარიღი უნდა განსაზღვროს. მთავრობის დასამტკიცებლად, საჭიროა დეპუტატთა უმრავლესობის, ანუ 76 კანონმდებლის მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს ნდობის გამოცხადებისთვის 2 კვირის ვადა აქვს, ახალი მთავრობა ქვეყანას, სავარაუდოდ, ერთ კვირაში უკვე ეყოლება.