"თუ ვსაუბრობთ კოალიციაზე, მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" ლანძღვისთვის დროის დათმობა, არასწორია," - აცხადებს ნიკა გვარამია. გვარამიას თქმით, თუ იქნება ოპოზიციური გაერთიანება, ბლოკი, რომელზეც ის საუბრობს, აიღებს მეტ ხმას, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა". თუმცა, მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ოპოზიციაში კონფიგურაციები შეუძლებელია.
ნიკა გვარამიას ამ განცხადებას ოპოზიციაში არაერთგვაროვნად აფასებენ.
"ნიკა გვარამია მზად არის "გამარჯვების კოალიციასთან" თანამშრომლობისთვის, მთავარია საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ამ საკითხში. ამ ნაწილში არ ვეთანხმები, ვერანაირი ერთობა ვერ ჩამოყალიბდება, რომელიც აიღებს "გამარჯვების კოალიციაზე" მეტ ხმას, უბრალოდ არ არსებობს ამის თეორიული შესაძლებლობა," - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე.
პარტია "საქართველოსთვის" კი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მათთვის წითელი ხაზია თანამშრომლობა როგორც "ნაციონალურ მოძრაობასთან", ისე მათთან აფილირებულ სხვა პარტიებთან.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ 2024 წლის არჩევნების როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე არჩევნების შემდგომ, ჩვენთვის აბსოლუტური წითელი ხაზია "ნაცმოძრაობა" და "ნაცმოძრაობაში" არ ვგულისხმობთ მხოლოდ პარტია "ნაციონალურ მოძრაობას". ვგულისხმობთ ყველა იმ პარტიას, რომელიც კოლექტიურად "ნაცმოძრაობაა", - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.