ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები ძალაში დარჩება, ძალიან ბევრი საქმეა და მთავრობის ახალი მეთაური გააგრძელებს პრიორიტეტების შესრულებას - ოპოზიციისგან დესტრუქციას ველოდებით,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო პროგრამასა და მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესში ოპოზიციის ჩართულობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მიქანაძემ ოპოზიციის ძირითად ნაწილს დესტრუქციული უწოდა და აღნიშნა, რომ მათგან პროცესში კონსტრუქციული მონაწილეობის მოლოდინი არ აქვს.
"პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დღეს პარლამენტს წარმოუდგენს სამთავრობო პროგრამას მთავრობის შემადგენლობასთან ერთად. ამ პროგრამაში ველოდებით, რომ ასახული იყოს მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული 2024 წლის ბიუჯეტის განხილვაში და მის დამტკიცებაში. შესაბამისად, ძირითადი პარამეტრები, ის პრიორიტეტები, რაც ბიუჯეტით არის გამოკვეთილი, რა თქმა უნდა, ძალაში დარჩება. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი მიმდინარე წელს და შესაბამისად, მთავრობის ახალი მეთაური გუნდთან ერთად გააგრძელებს ბიუჯეტით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და იმ პრიორიტეტების განხორციელებას, რაზეც აქცენტები გაკეთდება მის მიერ წარმოდგენილ პროგრამაში. ოპოზიციის ჩართულობას რაც შეეხება, მნიშვნელოვანია ნდობის გამოცხადების პროცესში ოპოზიცია მაქსიმალურად იყოს ჩართული. თუმცა, შორს ვარ იმ მოლოდინისგან, რომ მათი ჩართულობა კონსტრუქციული იქნება. უფრო დესტრუქციული ხასიათს ველოდებით. მათი რიტორიკა პირადად კობახიძის მიმართ და საერთოდ მათი პოზიციონირება მთელი ეს პერიოდი მეათე მოწვევის პარლამენტში ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, რადიკალური ფრთა არის დესტრუქციული," - განაცხადა მიქანაძემ.