16 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაწყებული საქმე ბოლომდე მივა, 2024 წლის არჩევნების შემდეგ კი ახალი სამთავრობო პროგრამა იქნება წარმოდგენილი - ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი პარლამენტში ინაცვლებს. საკანონმდებლო ორგანო პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატის მოსასმენად ემზადება. ეკონომიკის მეტად სტიმულირება, სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა - ეს 73-გვერდიანი პროგრამის ძირითადი მიმართულებებია. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოს სატრანზიტო როლის ზრდასა და მსხვილ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობაზე. პროგრამა 2024 წლის არჩევნებამდე პერიოდზეა გათვლილი, ოქტომბრის შემდეგ კი ირაკლი კობახიძე ახალ ხედვებს წარადგენს.

"სამთავრობო პროგრამა, რომელიც დარეგისტრირდა და მომდევნო კვირაში იქნება პარლამენტში, კომიტეტებსა და სესიებზე განხილული, ძირითად აქცენტებს აკეთებს, რა თქმა უნდა, 2024 წელზე, რადგან 2024 წლის ბოლოსკენ უკვე საპარლამენტო არჩევნებია, სადაც ჩვენი გუნდი, ირაკლი კობახიძისა და სხვა ლიდერების შემადგენლობით, უკვე მომდევნო 4 წლის განვითარების გეგმას წარმოადგენენ და "ქართული ოცნება" ჩვენი ამომრჩევლის წინაშე წარდგება იმ რეფორმებით და განვითარების გეგმებით, რომლებსაც ჩვენ საარჩევნოდ გამოვიტანთ მათ წინაშე.

ამიტომ, რა თქმა უნდა, მთელი ახლანდელი აქცენტი გადატანილია 2024 წლის გეგმებზე, სწორ განვითარებაზე, იმ კონკრეტული გზის გაგრძელებაზე, რომელიც იყო. რა თქმა უნდა, მმართველ გუნდს არ სჭირდება ოპოზიციის დახმარება იმაში, რომ მთავრობა დავაკომპლექტოთ და გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება ისეთივე წარმატებით, როგორც ახლა მიმდინარეობს, თუმცა, ოპოზიცია, თავისი მონაწილეობით ან არმონაწილეობით, კიდევ ერთხელ დაადასტურებს საკუთარ მიზნობრიობასა და საკუთარ გაუმართლებლობას საპარლამენტო ცხოვრებაში," - აცხადებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობის დროს დაგეგმილი სამთავრობო პროექტები განხორციელდება, ხოლო არჩევნების შემდეგ ირაკლი კობახიძე განვითარების ახალ, 4-წლიან გეგმას წარადგენს.

"მიმდინარე წელიც, რა თქმა უნდა, ჩვენი საპროგრამო მიზნების განხორციელებას ემსახურება. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მივიღეთ ქვეყნის ახალი ბიუჯეტი, რომლითაც 2024 წელს იცხოვრებს ჩვენი ქვეყანა. ამ ბიუჯეტში ასახულია ყველა ის საკითხი, რომელიც მთავრობას დაგეგმილი ჰქონდა. ამიტომ, საქმე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო მთავრობამ, ბოლომდე მივა. რაც შეეხება სრულებით ახალ მიდგომასა და ახალ სამთავრობო პროგრამას - ეს უკვე 2024 წლის არჩევნების შემდეგ იქნება "ქართული ოცნების" მხრიდან წარმოდგენილი. ამ განხილვის დროს, პრემიერმინისტრობის კანდიდატი წარმოადგენს მიმდინარე პროცესების შესახებ თავის პოლიტიკურ ხედვას, როგორც მთავრობის მეთაურისას,"- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები