ევროკავშირის 9 დათქმის შესრულების პროცესი გრძელდება. 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში ჩართვა მესამე სექტორის ნაწილს სურს. მმართველი გუნდი კი არასამთავრობო სექტორის მხრიდან ევროინტეგრაციის საბოტაჟზე საუბრობს.
"ქართული ოცნების" განცხადებით, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში, მათ ხელის შეშლის გარდა არაფერი გაუკეთებიათ.
ამ პოზიციას იზიარებს ოპოზიციის ნაწილიც, სადაც ფიქრობენ, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, სხვა ინტერესები ამოძრავებთ.
პარტია "გირჩის" თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები "სიჯიუტეში" მმართველ გუნდს ჰბაძავენ.
"როგორც "ქართული ოცნება" არის რაღაცაზე გაჯიუტებული, ზუსტად ასევეა ქართული NGO-სექტორი. მათ აიჩემეს საქართველოს სასამართლოს რეფორმის უცნაური გზა, რომელსაც 20 წელზე მეტია მხარს უჭერენ და, ამ მხარდაჭერის შედეგად, დღეს გვაქვს ის სასამართლო, რომელიც გვაქვს. ესეც ფორმალური პროცესია, ჩვენ ყველა ფორმალურ პროცესში ვერთვებით იმისთვის, რომ თქვენ გითხრათ, რამდენად რეალისტური ან ფორმალისტური იყო ეს პროცესი", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარტიის ”სტრატეგია აღმაშენებელი” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, დასაფიქრებელია, თუ რას ემსახურება რეფორმების შეუსრულებლობის პარტნიორებზე გადაბრალება.
"საარჩევნო რეფორმების ჯგუფიდან ISFED, საია და სხვა ჯგუფები გამოაძევეს. სასამართლოს რეფორმების ჯგუფიდან, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ასევე მოხდა ამ ორგანიზაციების გაძევება. დავფიქრდები, რას ემსახურება, რომ რეკომენდაციების არშესრულება დავაბრალოთ პარტნიორებს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.