წინანდალში პარლამენტის დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახურული შეხვედრა მიმდინარეობს. ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე, კონფლიქტების მოგვარების კონტექსტში, ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე მსჯელობენ.
ფორუმს საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ის ლიდერები ესწრებიან, რომლებიც ჩართულები არიან საპარლამენტო კომისიის საქმიანობაში, ასევე, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობები. შეხვედრა კავკასიური სახლის ინიციატივით ტარდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ინტენსიური და საინტერესო მსჯელობა მიმდინარეობს.
"ოკუპაციის თემები არის განხილული. ამ შეხვედრაზე წარმოდგენილები არიან, როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ლიდერები - ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან საპარლამენტო კომისიის საქმიანობაში, საკმაოდ საინტერესო და ინტენსიური განხილვები მიმდინარეობს ბევრ თემასთან დაკავშირებით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, არსებულ საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა მნიშვნელოვანია.
"გვაქვს ორდღიანი დისკუსია იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც არასამთავრობო სექტორსა და საექსპერტო წრეებს აქვთ კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით, ასევე გვაცნობენ მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას, თუ რა ვითარებაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გვაქვს. მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.