16 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ახალი პრემიერის სამთავრობო პროგრამა, პრიორიტეტები და გეგმა - რა კითხვები ექნებათ დეპუტატებს ირაკლი კობახიძესთან

პარლამენტისთვის წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში პრიორიტეტები უცვლელი რჩება. ეკონომიკის სტიმულირება, უსაფრთხოება, დემოკრატიის გაძლიერება და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯები - ეს ის მიმართულებებია, რომლებზეც მთავრობა მუშაობას განაგრძობს. ახალ, 4-წლიან პროგრამას ახალი პრემიერი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ წარადგენს. მომდევნო 9 თვე ხელისუფლება უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის პრიორიტეტებით იხელმძღვანელებს.

მინისტრთა კაბინეტის წევრებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ორშაბათიდან მოუსმენენ. ხელისუფლების ოპონენტები კითხვებისთვის ემზადებიან. უკვე ცნობილია, რომ სამთავრობო ცვლილებებს არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა, თუმცა ისინი საკომიტეტო და პლენარულ სხდომებში მონაწილეობას მიიღებენ.

ირაკლი კობახიძეს, გუნდთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კარგია, თუ მათი ოპონენტები სამთავრობო გუნდის დამტკიცების დროს სხდომათა დარბაზში იქნებიან. მათივე თქმით, ოპოზიციის მიზანი მხოლოდ დესტრუქცია და რადიკალური განცხადებების გაკეთება იქნება.

ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტს მხოლოდ ერთი ცვლილებით გადაიბარებს: უკვე ცნობილია, რომ თავდაცვის მინისტრს ვიცე-სპიკერი, ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები მომავალი კვირიდან დაიწყება. მინისტრთა კაბინეტს დარგობრივ კომიტეტში ოთხშაბათის ჩათვლით მოუსმენენ.

მომავალი პრემიერი და მთავრობის შემადგენლობა, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობისა" და დანარჩენი საპარლამენტო ჯგუფების წევრებსაც შეხვდება. 8 თებერვალს კი ირაკლი კობახიძე, ახალი სტატუსით, ფრაქცია "ქართულ ოცნების" წინაშე წარდგება და, ამავე დღეს, პრემიერობის კანდიდატს, გუნდთან ერთად, კენჭს უყრიან.

დღის ამბები