ზუსტად ოთხ დღეში, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდება. პროფესიით იურისტი, 45 წლის ირაკლი კობახიძე პოლიტიკური კარიერის განმავლობაში პირველად, მთავრობაში მიდის. ნდობის გამოცხადების შემდეგ, რუსთაველის 8 ნომრიდან ის უკვე პრემიერის რანგში ინგოროყვას 7 ნომერში გადაინაცვლებს.
მთავრობის მეთაურის პოსტზე დასამტკიცებლად, კონსტიტუციის ავტორს, კონსტიტუციის გარანტის ანუ პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, თუმცა თუ სალომე ზურაბიშვილი უარს იტყვის, ირაკლი კობახიძე 2 დღეში მაინც პრემიერად გამოცხადდება.
პრემიერობის კანდიდატმა სამთავრობო პროგრამა და მინისტრთა განახლებული კაბინეტი უნდა წარადგინოს, რომელიც ფაქტობრივად იგივე სახით რჩება, შემადგენლობაში ამ ეტაპზე ერთადერთი ცვლილება შედის. იცვლება მხოლოდ თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძის ნაცვლად ამ უწყებას ირაკლი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს, რომელიც პარლამენტის ვიცე-სპიკერია. ეს ინფორმაცია ირაკლი კობახიძემ ყრილობის დასრულების შემდეგვე დაადასტურა, სადაც განმარტა ამ გადაწყვეტილების მიზეზიც.
ბუნებრივია, რომ მას ექნება განსაკუთრებული დამოკიდებულება პარლამენტთან, ირაკლი კობახიძის პოლიტიკური გზა, მისი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ფაქტობრივად დღემდე საკანონმდებლო ხელისუფლებაზე გადის. ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, ამ ორგანოს 3 წელი თავმჯდომარეობდა. თანამდებობა 20 ივნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ მან თავად დატოვა. 3 წლის განმავლობაში იყო "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ეს პარტიული პოზიცია კი მას შემდეგ დაიკავა, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ირაკლი კობახიძის სახელს უკავშირდება კონსტიტუციის ფუნდამენტური ცვლილება. 2017–2018 წლებში მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული რეფორმის შედეგად, ქვეყანა ევროპული ტიპის კლასიკურ საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული გახდა, კონსტიტუციაში კი ჩაიწერა, რომ ქვეყნის უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. ირაკლი კობახიძის პროფესიონალიზმსა და კომპეტენციაზე პარლამენტში ჯერ კიდევ მისი კოლეგებიც საუბრობენ. ოპოზიციაშიც აცხადებენ, რომ ის არის მაღალი კლასის პოლიტიკოსი და მათთვის რთული ოპონენტი, თუმცა მიაჩნიათ, რომ აქვს ხისტი რიტორიკა ოპონენტების მიმართ. მომავალ პრემიერზე ოპოზიცია ამბობს, რომ მას არ აქვს საკმარისი გამოცდილება ეკონომიკის დარგში, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების კრიტიკა ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.
ირაკლი კობახიძის საპარლამენტო თანამდებობას მამუკა მდინარაძე გადაიბარებს და ის გახდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ ეს გამოცდილება უკვე აქვს, მისთვის მაინც იქნება ეს გარკვეულწილად გამოწვევა, რადგან ირაკლი კობახიძე ამ თანამდებობაზე, ისევე როგორც პარტიულ მმართველობაში იყო ძალიან კარგი მენეჯერი. მმართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ კობახიძე აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც წარმატებული ლიდერი იქნება.
მომდევნო კვირაში ირაკლი კობახიძეს ისევ მოუწევს პარლამენტში მისვლა, სადაც დეპუტატების მხარდაჭერას მიიღებს, ამის საკმარისი რესურსი უმრავლესობას აქვს და ის საკანონმდებლო ორგანოს კვირის ბოლოს უკვე პრემიერ-მინისტრის სტატუსით დატოვებს.