16 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
დანაშაულთან ბრძოლისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვაა, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა - შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყების მთავარი პრიორიტეტია ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა და კრიმინალთან ეფექტიანი ბრძოლაა. აღნიშნულის შესახებ ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და ამ მიმართულებით მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა რეფორმა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს სამინისტროს აქტიური მუშაობა ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებითაც. ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით, 2023 წელსაც საქართველო უმაღლეს საფეხურზე, პირველ კალათაში იკავებს ადგილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განვითარება. ქვეყნის მასშტაბით, გასულ წელს, სამინისტროს ყველა ტერიტორიული ერთეული 94 ანალიტიკოსით დაკომპლექტდა.

დანაშაულთან ბრძოლისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ადამიანის უფლებათა დაცვაა. ამ მიმართულებით სამინისტროში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ამოქმედდა შემაკავებელი ორდერის და რისკების შეფასების განახლებული ინსტრუმენტი, შეიცვალა ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების სტანდარტი. აღნიშნული მექანიზმი ევროკავშირის მიერ დადებითად შეფასდა, რაც აღნიშნულია რეკომენდაციების შესრულების დოკუმენტშიც.

უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სახელმწიფო საზღვრის ეფექტიანი მართვა და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობების გაძლიერება. მნიშვნელოვნად გაზრდილია საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით. 

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებით. Airbus Helicopters-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციას პირველი შვეულმფრენი მიმდინარე წლის მარტის თვეში გადაეცემა, ხოლო ივნისის ბოლომდე განხორციელდება დამატებით ორი შვეულმფრენის გადმოცემა. ჯამში სასაზღვრო პოლიციას, მიმდინარე წელს, 3 ახალი შვეულმფრენი ეყოლება.

დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე და საერთაშორისო აეროპორტებში დაინერგა სახის ამომცნობი ანალიტიკური სისტემა, რაც სახელმწიფო საზღვრის კონტროლის არსებულ მექანიზმებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას. უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს წარედგინება კანონპროექტი, რომლის მიზანია საქართველოს თავშესაფრის სისტემის გაჯანსაღება. 2024 წელს იგეგმება მიგრაციის დეპარტამენტის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა.

2023 წელი განსაკუთრებული იყო თანამშრომელთა ანაზღაურების ზრდის კუთხითაც. სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესების მიზნით გრძელდება სამინისტროს თანამშრომლების ხელფასების ზრდა.

2020-2024 წლებში საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასი მინიმუმ 58%-ით გაიზარდა. თბილისში მიმდინარეობს პოლიციის ქალაქის მშენებლობა, სადაც 1000 პოლიციელი ბინებს სიმბოლურ ფასად მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ 2013 წლის შემდეგ პირველად იზრდება ყოფილი სამართალდამცავების პენსიის გამოანგარიშების კანონით დადგენილი კოეფიციენტები", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღის ამბები