საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველი საპარლამენტო კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მიმართა. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, პარლამენტს დიდი როლი აქვს ცხრა ნაბიჯის შესრულებაში, ცვლილებებისთვის კი ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა ერთად უნდა იმუშაოს.
"საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო ადმინისტრაცია, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების უმეტესობა კი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია. ეს ნამდვილად უპირატესობაა, როცა საქმე მზადებას ეხება, რადგან საქართველო შეძლებს რეფორმებთან ადაპტირებას და მათ განხორციელებას.
საქართველო ასევე სარგებლობს აბსოლუტური საზოგადოებრივი კონსენსუსით, რომ ქვეყანა უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში. ეს არის მყარი საფუძველი, რომლითაც უნდა ავაშენოთ ის რეფორმები, რომელთაგან ზოგიერთი ნამდვილად მომთხოვნი იქნება. ცხრა ნაბიჯის განხორციელებაში პარლამენტის როლი გადამწყვეტია. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, რომ ძალიან სერიოზულად შეხედონ ამ რეფორმებს.
დასავლეთ ბალკანეთის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ რეფორმებს ამ გზით მიუდგებიან, უფრო სწრაფად მიიწევენ წინ, ვიდრე ისინი, რომლებიც მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებს განახორციელებენ. ამას ბევრი სამუშაო სჭირდება და მინდა ხაზი გავუსვა პარლამენტის, მთავრობისა ერთობლივ მუშაობას, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას. ყველა პოლიტიკური ძალა გვერდს უვლის პოლიტიკურ უთანხმოებებს, რათა ერთად იმუშაონ ამ რეფორმების განსახორციელებლად. მთელი ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობა ანელებს გაწევრიანების პროცესს," - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველი საპარლამენტო კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობისთვის თბილისში ევროინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლები ალბანეთიდან, ბოსნია-ჰერცეგოვინიდან, მონტენეგროდან, სერბეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან ჩამოვიდნენ. მთავარი თემაა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები და რეფორმები.