5 საათია პარლამენტი მთავრობას უსმენს. უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა კაბინეტს ნდობა უნდა გამოუცხადოს, მანამდე კი საკომიტეტო მოსმენებია. 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უკვე წარსდგა მინისტრობის 4 კანდიდატი. შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატები.
ოპოზიციას ძირითადი კითხვები თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატებთან ჰქონდა. იყო ხმაურიც, შელაპარაკება ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს შორის რამდენჯერმე მოხდა. სალომე სამადაშვილი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს კორუფციასთან დაკავშირებით მიმართავდა კითხვით, რის შემდეგაც, ანრი ოხანაშვილმა მას დარბაზი დაატოვებინა:
"ქალბატონო სალომე ზრდილობასთან რომ პრობლემები გაქვთ ეს ვიცით. მინისტრი გომელაური, მინისტრ მერაბიშვილისგან განსხვავებით ორ გვამს არ ითხოვდა, ტაშს რომ უკრავდით მერაბიშვილს, ჯერ ამაზე აგეთ პასუხი. მოქცევას და ზრდილობას რომ ისწავლით, მაშინ შემობრძანდებით დარბაზში, დატოვეთ დარბაზი," - მიმართა სალომე სამადაშვილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.