16 ნოემბერი 2024,   05:00
ვრცლად
თავდაცვის ძალებმა 2008 წელს ყველაფერი გააკეთეს, ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კი ნამდვილად ვერ შეძლო საზარელი ომის აცილება - ირაკლი ჩიქოვანი

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ანა ნაცვლიშვილს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ მინისტრობის კანდიდატებისგან ვერანაირი სიახლე ვერ მოისმინა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა წინ წაიყვანონ. 

როგორც ჩიქოვანმა განაცხადა, ამ დონის შეურაცხყოფა მისთვის მიუღებელია და არანაირი საფუძველი არ უნდა არსებობდეს, მის კითხვებს უპასუხოს. მისივე თქმით, თავდაცვის ძალებმა 2008 წელს ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, ხოლო იმ დროს ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ნამდვილად ვერ შეძლო საზარელი ომის აცილება:

"მგონი, არასწორია, როდესაც ადამიანი ამბობს, თქვენი ამოცანა და მოტივაცია არ არის საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვაო, მეორე მხრივ, ასევე მახსოვს, ერთ-ერთი სასესიო დღე იყო, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ლიდერებმა მოგვმართეს და ხელი გამოიშვირეს ჩვენსკენ, უმრავლესობისკენ და გვითხრეს, რომ თქვენ იქნებით ის ადამიანები, ვინც შემოუძღვებით რუსულ ჯარს საქართველოშიო. ამ დონის შეურაცხყოფა ჩემთვის მიუღებელია და ამის მერე ალბათ არანაირი მოტივაცია და საფუძველი არ უნდა არსებობდეს ამ ადამიანის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გასაცემად, მაგრამ ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოებას და ვაძლევთ სრულ განმარტებებს ყველა საკითხზე.

ჩვენი პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ განცხადებებს ვიზიარებ, მე გამოვყოფ თავდაცვის ძალებს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, მათ გმირობას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ იმ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომელიც იყო ხელისუფლებაში იმ დროს, ნამდვილად ვერ შეძლო აეცილებინა ეს ძალიან საზარელი ომი. არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ საზიანო იყო ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და არა მხოლოდ მათ, ევროპის საბჭოში ხმა მისცეს რეზოლუციას, რომელიც, მე ვთვლი, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის უნდა იყოს სამარცხვინო, როდესაც ასეთ რამეს დაუჭერს მხარს," - აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი. 

დღის ამბები