მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კონსილიუმის დასკვნასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება.
როგორც "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი ვარაუდობს, მიხეილ სააკაშვილს, ალბათ, მალე გადაიყვანენ ციხეში, რადგან სამკურნალო აღარაფერი დარჩა.
"სუბიექტურად დაინტერესებული ადამიანებიც კი ვერ უარყოფენ იმას, რომ ამ ადამიანის მიმართ არა თუ არ იყო არანაირი წამება ან არაადეკვატური მოპყრობა, არამედ მას თავიდან ბოლომდე მკურნალობდნენ სწორად, უბრალოდ, ის იქცეოდა არაადეკვატურად.
ფაქტი ფაქტად რჩება, რომ არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულება, არამედ საერთაშორისო სასამართლო ამბობს, რომ ის არის დამნაშავე და რაც ყველაზე მთავარია, ქართულმა საზოგადოებამ იცის და მისმა ამომრჩევლებმაც კი, რომ ის დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედია.
მთავარი არის ის, რომ პატიმარი სააკაშვილი არის იქ, სადაც უნდა იყოს, მაგრამ წესით, ალბათ, მალე მას მოუწევს გადასვლა ციხეში იმიტომ, რომ არაფერი მას, წესით, სამკურნალო აღარ დარჩა," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. დასკვნას აქვეყნებს სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც ექს-პრეზიდენტი კლინიკა "ვივამედში" 25 იანვარს მოინახულა. ანგარიშის თანახმად, დადებითი დინამიკა გამოიხატება წონის მატებაში, თუმცა, კვლავ რჩება კუნთთა ჰიპოტროფია, შფოთვა და დეპრესია. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, პარამეტრების გაუმჯობესების მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით არ იძლევა მყარი დადებითი პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას.