16 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
სუს-მა მოახდინა პრევენცია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორია ვერ და არ იქნა გამოყენებული ტერორისტული აქტივობის ტრანზიტად - კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი

საქმის მასალები და გარემოებები ადასტურებს იმას, რომ ყოველივე ეს იყო მიზანმიმართულად განხორციელებული და მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა ადასტურებს იმას, რომ ტერორისტული თავდასხმა, რომელიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ ფარგლებს გარეთ, დაკავშირებოდა საქართველოს, დადანაშაულებულიყო საქართველო, როგორც დაგეგმვის, ასევე განხორციელების პროცესში, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი ბაჩა მგელაძე „კურიერის“ ეთერში საუბრობს.

ბაჩა მგელაძე ამბობს, რომ აღნიშნული ქმედების პრევენცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორია ვერ და არ იქნა გამოყენებული ტერორისტული აქტივობის ტრანზიტად.

„სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობით, კერძოდ კონტრტერორისტული ცენტრის აქტიური საქმიანობით ნებისმიერი ტერორისტული აქტივობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე იქნება აღკვეთილი, ისევე, როგორც ამ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გამოყენება სხვა ტერორისტული ორგანიზაციების, მათ შორის სხვა ჯგუფების მიერ ტრანზიტულ არხად, და მომავალშიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და კონტრტერორისტული ცენტრი გააგრძელებს ძალიან აქტიურ ბრძოლას ტერორიზმთან მიმართებით. მათ შორის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდა პრევენცია ისეთი მნიშვნელოვანი საქმის, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ.

გამოძიება ახლაც მიმდინარეობს ძალიან აქტიურ რეჟიმში. ჩვენ, ამ ეტაპზე, საზოგადოებას მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რომელიც მიმდინარე გამოძიებას არ დააზიანებდა, თუმცა მომავალში ჩვენ მზად ვართ, რომ ის დეტალები, რომლებსაც გამოძიება მოიპოვებს, საზოგადოებას გავაცნოთ.

გეტყვით რისი პრევენცია მოხდა. სამსახურმა მოახდინა პრევენცია და ჩვენი ქვეყნის ტერიტორია ვერ და არ იქნა გამოყენებული ტერორისტული აქტივობის ტრანზიტად. მე ვსაუბრობ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ერთი აკუმულატორის, ერთი კონტეინერის, სამი ასაფეთქებელი მოწყობილობის გატანა იგეგმებოდა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე - რუსეთის ფედერაციაში, და შესაბამისად ეს არ განხორციელდა.

და მეორე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეც შესაძლოა განხორციელებულიყო ანალოგიურად სხვა ტერორისტული აქტივობები, რისი პრევენციაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და კონტრტერორისტულმა ცენტრმა მოახდინა. თუმცა, ამ ეტაპზე დეტალებთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ვისაუბრებ.

სამსახურისთვის და კონტრტერორისტული ცენტრისთვის სრულად არის ცნობილი ის სცენარი, თუ რა იგეგმებოდა და რა დგას ამ საქმის უკან. შესაბამისად, საქმის მასალები და გარემოებები ადასტურებს იმას, რომ ყოველივე ეს იყო მიზანმიმართულად განხორციელებული და მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა ადასტურებს იმას, რომ ტერორისტული თავდასხმა, რომელიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ ფარგლებს გარეთ, დაკავშირებოდა საქართველოს, დადანაშაულებულიყო საქართველო როგორც დაგეგმვის, ასევე განხორციელების პროცესში. ჩვენ, ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი მტკიცებულება გაგვაჩნია, სხვადასხვა სახის ელექტრონული, მათ შორის ფარული საგამოძიებო საქმიანობით მიღებული მტკიცებულებები, ასევე ჩვენ გაგვაჩნია არაერთი მოწმის ჩვენება და ჩვენ ამ ფაქტებზე დაყრდნობით ამას ვსაუბრობთ,“ - აცხადებს ბაჩა მგელაძე.

დღის ამბები