უკრაინის საელჩო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას. კერძოდ, როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის მოქალაქეების უკანონო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით. საელჩო იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს. გამოვხატავთ დაინტერესებასა და მზადყოფნას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან საქმის ყველა გარემოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გარკვევისა და მისი რეალური ორგანიზატორების დადგენის მიზნით," - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
საელჩოს განცხადება პრემიერმინისტრობის კანდიდატმა შეაფასა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხთან საქმის პოლიტიზება არაფერშუაშია და უკრაინას რომ საქართველოში ელჩი ჰყოლოდა, "ასეთ განცხადებას არ გააკეთებდნენ".