16 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
სხდომათა დარბაზში მყოფთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო - საქმიანი ან ეროვნული - თქვენს ჩაცმულობაში რაიმე საქმიანი ვერ დავინახე და მაინც და მაინც ჩოხა-ახალუხსა და ხმალ-ხანჯალსაც ვერ გატყობთ - პაპუაშვილი ელისაშვილს

პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუსმინეს. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის გამოსვლის ძირითად აქცენტებს ეთანხმება და აცხადებს, რომ მზად არის შეუერთდეს ზურაბიშვილის დღეს გაჟღერებულ ინიციატივას, შეიქმნას - "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის."

გარდა ამისა, დღეს ოპოზიციის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება პრეზიდენტის სასესიო დარბაზში შემოსვლის დროს მმართველი გუნდის ქცევას მოჰყვა. პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტის სხდომათა დარბაზში შემოსვლისას, სალომე ზურაბიშვილს არ მიესალმნენ.

"შემოდის საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია არ ესალმება, ფეხზე არ დგება... პოლიტიკა არ მიმაჩნია, რომ ბინძური და უზრდელი საქმეა, პირიქით, მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი გარჯა და პატრიოტიზმია. ჩვენთან არის უბრალოდ რომ ეს ლაქა ვერ მოიშორა, რატომ? - იმიტომ რომ ასეთი რაღაცები ვერ მოიშორა და უმსგავსო რაღაცები ხდება ხოლმე. ქალი შემოდის, ბოლოს და ბოლოს, დარბაზში. ქართველი კაცი, ყელს ვერ ვიღერებთ სუფრაზე და გადაგრეხილი ჯიხვის ყანწებით ვსვამთ ქალის სადღეგრძელოს," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ელისაშვილს ეტიკეტისა და მისალმების ფორმის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა სთხოვა, თავად მეტი ყურადღება მიაქციოს იმას, რაც პარლამენტის რეგლამენტით გათვლილია - კონკრეტულად კი, დეპუტატის ჩაცმულობა.

"მისალმების ფორმები რეგლამენტით არ არის მოწესრიგებული და მე მგონი, პოლიტიკური ჟესტი უნდა განასხვაოთ ქცევის წესებისგან. თუმცა, ბატონო ალეკო, რაც არის რეგლამენტით მოწესრიგებული, კერძოდ მისი 84-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით, არის ის, რომ სხდომათა დარბაზში მყოფთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო -საქმიანი ან ეროვნული. მე თქვენს ჩაცმულობაში რაიმე საქმიანი და საპროტოკოლო ვერ დავინახე და მაინცდამაინც ჩოხა-ახალუხსა და ხმალ -ხანჯალსაც ვერ გატყობთ, ამიტომ გთხოვთ, თუ მაინცდამაინც ეტიკეტი გაინტერესებთ და პატივს სცემთ, ამას მიაქციოთ ყურადღება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე," - უპასუხა პაპუაშვილმა.

დღის ამბები