სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა 40 წუთს გაგრძელდა. გამოსვლაში ის რამდენიმე თემას შეეხო. ასევე, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა პრემიერმინისტრობის კანდიდატსაც და დასვა კითხვა, როგორ აპირებს საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას, რეკომენდაციების განხორციელებას არჩევნებამდე და წარმოადგენს თუ არა ის კონკრეტულ გეგმას. პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებსაც მიმართა.
"მივმართავ ახალ თუ მომავალ პრემიერს – თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და, კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?
წარმოადგენთ თუ არა გეგმას, როგორ შეცვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას; როგორ უზრუნველყოფთ კონსენსუსით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას; ანტიკორუფციულ სამსახურს მისცემთ საგამოძიებო უფლებებს და დამოუკიდებლობას; სადაც უზრუნველყოფთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და როგორ დავუახლოვდეთ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ამიტომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს. საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს, რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე, საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ, როგორ აპირებთ ერთ პარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის? ასევე, მოგმართავთ თქვენ, ოპოზიციას, დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია. ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ვირჩევთ რომელიმე პარტიას მეორის ნაცვლად. დღეს, ჩვენი ისტორიის გადამწყვეტი ეტაპია. მივცეთ ხმა ახალი მმართველობის მოდელს, ახალ ევროპულ სახელმწიფოს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.