16 ნოემბერი 2024,   04:55
ვრცლად
როდესაც არ არსებობს დასრულებული გამოძიება, ეს კიდევ მეტი რიტორიკის გაჩენის შესაძლებლობას იძლევა, რაც, არ ვფიქრობ, რომ ადეკვატურია - აქუბარდია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ოპერაცია და პოლიტიკური შეფასებები - ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთას აკრიტიკებს.

"ნახეთ, რით არის დაკავებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როდესაც უკრაინა განიცდის ტყვია-წამლის დანაკლისს. ასევე, გაიხსენეთ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური რამდენად ხშირად ვერ ხედავს პრობლემას, როცა საქართველოში "ეფესბეს" აგენტებს ნებას რთავს, შემოვიდნენ," - წერს სოციალურ ქსელში „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსი მკვლევარი და „სირცხვილიას“ აქტივისტი, ქეთი შოშიაშვილი.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სქემის გახსნას უამრავი მტკიცებულება სჭირდება.

„მე არ მინახავს ტვიტი, მაგრამ შემიძლია, ერთი რამ გითხრათ - თუ სუს-მა აღმოაჩინა ასეთი სქემა, ამას სჭირდება ძალიან ბევრი მტკიცებულება. საქმის სხვა დეტალებს მე არ ვიცნობ და ვერ გეტყვით შეფასებას,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” წევრი ხატია დეკანოიძე.

უმრავლესობის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ, საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, აღნიშნული საქმის მეტი რიტორიკის გაჩენის შესაძლებლობას იძლევა, რასაც არაადეკვატურს უწოდებენ.

„როდესაც არ არსებობს დასრულებული გამოძიება, სამწუხაროდ, ეს კიდევ მეტი რიტორიკის გაჩენის შესაძლებლობას იძლევა, რაც, არ ვფიქრობ, რომ მოცემულობაში არის ადეკვატური. მთავარი პრობლემა არის ეს და არა ის, თუ ვინ რა დაწერა „ტვიტერში“,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეების” თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა აღნიშნული დანაშაული და ამბობს, რომ უწყება სწორედ ამით უნდა იყოს დაკავებული.

„ის, რაც გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტულმა ცენტრმა, არის აბსოლუტურად სწორი. საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონოდ, ასაფეთქებელი ნივთიერებები, იარაღი - არ უნდა შემოდიოდეს და არც ტრანზიტისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს. ამისთვის არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომ აღკვეთოს. აღკვეთა ძალიან კარგია, ეს არის ზუსტად ის, რითაც სუსი უნდა იყოს დაკავებული. ამ ფაქტის კრიტიკა ცოტა გაუგებარია ჩემთვის, ვინ აკრიტიკებს, აბა, რა უნდა ექნათ? საქართველო უნდა გახდეს ტრანზიტული ქვეყანა, რომ აქეთ-იქით ასაფეთქებელმა ნივთიერებებმა იარონ ხოლმე ხან რუსეთში, ხან რუსეთიდან სხვა მიმართულებით? თუ ჩვენ სახელმწიფო ვართ, ეს არ უნდა ხდებოდეს და უნდა აღვკვეთოთ. ცეცხლთან თამაში არ შეიძლება და ეს არის ზუსტად ცეცხლთან თამაში, რომელიც არ შეიძლება. ძალიან სწორი და კარგია, რაც კონტრტერორისტულმა ცენტრმა გააკეთა,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

სქემის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაშიფრა, უკრაინიდან საქართველოში ტროტილზე ბევრად ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება შემოვიდა. საუბარია "სი-4-ზე", 6 კონტეინერით, ტაიმერით და დეტონატორით. 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერების ნახევარი საქართველოს გავლით რუსეთში უნდა გასულიყო, ნახევარი კი თბილისში რჩებოდა.

დღის ამბები