16 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
მამუკა მდინარაძე: საქართველო, როგორც ომის, კონფლიქტის, ტერაქტების მომწყობი მხარე უნდა დაფიქსირებულიყო და ამაზე ხმა არ ამოვიღოთ, ამას გვთავაზობენ?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ოპერაცია და პოლიტიკური შეფასებები - ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთას აკრიტიკებს.

"ნახეთ, რით არის დაკავებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როდესაც უკრაინა განიცდის ტყვია-წამლის დანაკლისს. ასევე, გაიხსენეთ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური რამდენად ხშირად ვერ ხედავს პრობლემას, როცა საქართველოში "ეფესბეს" აგენტებს ნებას რთავს შემოვიდნენ," - წერს სოციალურ ქსელში „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსი მკვლევარი და „სირცხვილიას“ აქტივისტი, ქეთი შოშიაშვილი.

მმართველი გუნდისთვის მსგავსი განცხადებები დასტურია, რომ ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომლებსაც დესტაბილიზაცია სურთ და მათთვის სხვა ქვეყნის ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია.

„ქვეყანა იყო უდიდესი რისკის და საფრთხის ქვეშ, რომ მას დაბრალებოდა რუსეთში ტერაქტების მოწყობა და არავინ ახსენებს ამავე დროულად, იმ ნაწილს ასაფეთქებელი მოწყობილობების, რომელიც საქართველოში დარჩა, და საქართველოში რა იგეგმებოდა - ამაზე კიდევ ცალკეა კითხვის ნიშნები და დამატებით გამოძიებას საჭიროებს, გარკვეული მინიშნებები ალბათ არის ამასთან დაკავშირებით.

საქართველო, როგორც მხარე, ომის, კონფლიქტის, უნდა დაფიქსირებულიყო როგორც ტერაქტების მომწყობი მხარე და ამაზე ხმა არ ამოვიღოთ, ამას გვთავაზობენ?

ამავე დროს, ოპოზიციის წარმოუდგენელი არგუმენტები გვესმის, რუსეთის სპეცსამსახურებიდან მიიღესო, ალბათო, ინფორმაციაო. ამხელა სისულელე რატომ არ უნდა თქვან ადამიანებმა იცით? რუსეთის სპეცსამსახურებს რომ ინფორმაცია ჰქონოდათ, ქართულ სპეცსამსახურებს, სულ რომ გულზე ეხატებოდეს, რატომ მისცემდნენ ამ ინფორმაციას, გადავიდოდა საზღვარზე, მერე გახსნიდნენ, მიიწერდნენ ამ საქმეს და მერე გამოაცხადებდნენ ბევრ ისეთ ამბავს, რომელიც მათ აწყობდათ. ანუ რუსეთის ტერიტორიაზე გადასულზე, თუ კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდათ, დააკავებდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. რატომ არ ქნეს ეს? ერთი არგუმენტი ვინმემ მითხარით, რატომ შეიძლებოდა, რუსეთის სპეცსამსახურებს რომ ჰქონოდათ ინფორმაცია, რატომ არ დააცდიდნენ გარკვეული დოზით რეალიზებას? გადავიდოდა ასაფეთქებელი მოწყობილობა რუსეთის ტერიტორიაზე და იქ დააკავებდა?! ამ სულელურ არგუმენტს იგონებენ, ოღონდაც რუსული სიტყვა ახსენონ და მესიჯბოქსში ჩაჯდნენ," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, სქემის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაშიფრა, უკრაინიდან საქართველოში ტროტილზე ბევრად ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება შემოვიდა. საუბარია "სი-4-ზე", 6 კონტეინერით, ტაიმერით და დეტონატორით. 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერების ნახევარი, საქართველოს გავლით, რუსეთში უნდა გასულიყო, ნახევარი კი თბილისში რჩებოდა.

დღის ამბები