სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინიდან საქართველოში ტროტილზე ბევრად ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება შემოვიდა. საუბარია 14 კილოგრამ "სი-4-ზე". სუს-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერების ნაწილი საქართველოს გავლით რუსეთში უნდა გასულიყო, ნაწილი კი თბილისში რჩებოდა.
ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას უკვე მეორე დღეა აფასებენ პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანტიკორუფციული გუნდის მთავარი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სუს-ის მიერ ჩატარებული ღონისძიება უადგილოა, მაშინ, როდესაც მისი თქმით, უკრაინა იარაღის დეფიციტს განიცდის. ქეთევან შოშიაშვილის სოციალურ ქსელში გამოთქმულ ამ პოზიციაზე, დღეს თავად "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" არაფერი თქვეს, "კურიერს" წერილობით უთხრეს მხოლოდ ის, რომ თანამშრომლების პირად პოზიციებზე კომენტარს არ აკეთებენ.
თითქმის 24 საათიანი დუმილის შემდეგ, უკრაინის საელჩომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უპასუხა. განცხადებაში, რომელიც საელჩოს გვერდზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, ვკითხულობთ, რომ უკრაინული მხარე გავრცელებულ ინფორმაციას სწავლობს და მზად არის სამართალდამცავ უწყებებთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს. პარალელურად, საელჩო ქართულ მხარეს მოუწოდებს, საქმის პოლიტიზებისგან თავი შეიკავოს.
უკრაინული მხარის ეს პოზიცია გაუგებარია ქართული მხარისთვის. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, საკითხის პოლიტიზებაზე აქცენტის გაკეთება არასერიოზულია.
სუს-ის მიმართ უნდობლობა გამოხატა დღეს ოპოზიციის ნაწილმაც.
მიმდინარე გამოძიება და ის განცხადებები, რომელიც ოპონენტების მხრიდან კეთდება, საპარლამენტო უმრავლესობას უდასტურებს ფაქტს, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტიისთვის და მათი მომხრე არასამთავრობო სექტორისთვის, საქართველოში მეორე ფრონტის თემა კვლავ აქტუალურია.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ სუს-მა საქართველოს მთავარი საფრთხე - დაბრალებოდა რუსეთში ტერაქტი, თავიდან აარიდა და დაიცვა ქვეყნის უსაფრთხოება.
სხვა პარტიებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ოპოზიციის მეორე ნაწილს, ეს ჯგუფი ამბობს, რომ საქართველოსთვის უსაფრთხოების კუთხით რისკები არსებობს და ამის დაზღვევა მნიშვნელოვანია.
შემაშფოთებელი უწოდა ოპონენტების განცხადებებს პრემიერების კანდიდატმა. ირაკლი კობახიძემ ყურადღება ოპოზიციის და მესამე სექტორის იმ პოზიციაზე გაამახვილა, სადაც ისინი სუს-ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და თქვა, რომ პოლიტიკური ძალები და მათი მხარდამჭერები ეროვნულ ინტერესზე მაღლა უცხო ქვეყნების ინტერესს აყენებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკვე ჰყავს 12 დაკავებული: აქედან 7 საქართველოს, 3 უკრაინის, 2 კი სომხეთის მოქალაქეა. გამოძიება, რომელიც 236-ე მუხლით მიმდინარეობს, ვარაუდობს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირებაში, საქართველოს ტერიტორიის გამოიყენებას და ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა - საქართველოს ამ სქემის განხორციელება და დაგეგმვა დაბრალებოდა.