16 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
ბოლო ანგარიში პრეზიდენტის რანგში - სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლა მმართველი გუნდის კრიტიკას და ოპოზიციისთვის ახალ შეთავაზებას დაუთმო

პრეზიდენტის რანგში, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს ბოლოჯერ შევიდა. მისი ბოლო წლიური ანგარიშიც ყველაზე მწვავე აღმოჩნდა. კრიტიკის მთავარ ადრესატებად კი ის პოლიტიკური გუნდი აირჩია, ვისი მხარდაჭერითაც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გახდა. 40 წუთიან გამოსვლაში ზურაბიშვილის სამიზნე პარლამენტთან ერთად, თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გახდა. ის ნაკლებად კრიტიკული იყო საპარლამენტო ოპოზიციის მიმართ. ტრიბუნიდან მან დღეს პირველად ახსენა ბიძინა ივანიშვილიც. კითხვით არამხოლოდ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, არამედ მომავალ პრემიერ-მინისტრსაც მიმართა.

მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილს პასუხი საპარლამენტო ტრიბუნიდანვე გასცა.
პრეზიდენტის აქცენტების ფონზე "ქართული ოცნებას" გაუჭირდა განსხვავება ეპოვა ოპონენტების და ზურაბიშვილის გამოსვლის შინაარსს შორის, სახელისუფლებო პარტიის ლიდერების განცხადებით, პრეზიდენტი მისი დამოკიდებულებებით დიდი ხანია ოპოზიციის რიგებშია. მმართველი პარტიისგან დისტანცირების მიღმა "ოცნება" კონკრეტულ მიზანს ხედავს, ზურაბიშვილის პოლიტიკურ ინტერესს.

პრეზიდენტის რანგში პარლამენტში ბოლო გამოსვლა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბრის გარდა, მისი პოლიტიკური მომავლის დასაანონსებლადაც გამოიყენა. სწორედ ეს განცდა დარჩათ მმართველი პარტიის წევრებს პრეზიდენტის მიერ ტრიბუნიდან გაჟღერებულ შეთავაზებაზე. ზურაბიშვილი პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდებს შეუერთდნენ "ერთობის პლატფორმას ევროპისთვის". ზურაბიშვილმა პარტიები კონსულტაციებისთვის უკვე მიიპატიჟა. სახელისუფლებო ძალაში დარწმუნებული არიან, რომ თუ პრეზიდენტი პარტიას ჩამოაყალიბებს, ის თავიდანვე მარცხისთვის იქნება განწირული.

ზურაბიშვილის მოწოდებაზე თანხმობა ადრესატების ნაწილმა დარბაზშივე გამოთქვა. ოპოზიციურ პარტიებს პრეზიდენტთან წინაპირობებიც აქვთ, "ნაციონალური მოძრაობისთვის" ეს სააკაშვილის გათავისუფლებაა. "ლელო" კი წინასაარჩევნოდ ზურაბიშვილის გააქტიურებას ითხოვს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტრიბუნა დღეს რუსეთთან ერთად ჩინეთის კრიტიკისთვის კიდევ ერთხელ გამოიყენა.

პოლიტიკური განცხადებების გარდა, დეპუტატებს შორის პოლემიკის მიზეზი საკანონმდებლო ორგანოში ჩაცმის სტილი და პროტოკოლის ნორმებიც გახდა.

პრეზიდენტის წლიური ანგარიშის შინაარსი ყველასთვის მოსაწონი არ აღმოჩნდა. ოპოზიციის ნაწილისთვის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ანტიქართულადაც შეფასდა. ფრიდონ ინჯიამ ზურაბიშვილს გადადგომისკენ სხდომათა დარბაზშივე მოუწოდა.

ქვეყნის ინტერესების ღალატია საპარლამენტო უმრავლესობისთვის პრეზიდენტის განცხადებები. ელიტურ კორუფციაზე ზურაბიშვილის კრიტიკას დეპუტატებმა წარსულის შეხსენებით უპასუხეს.

პარლამენტში ყოფნის დროს სალომე ზურაბიშვილს კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხის გაცემაც მოუწია. მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლო გამომსვლელი იყო, პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვით სარგებლობისკენ მოუწოდა და კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემა მოსთხოვა.

სალომე ზურაბიშვილის წლიურ ანგარიშს დარბაზში ისმენდა მომავალი პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძეს დღეს საპარლამენტო ტრიბუნა აღარ გამოუყენებია, თუმცა პრეზიდენტის გამოსვლა დარბაზს მიღმა მედიასთან შეაფასა.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სტატუსით მისთვის ბოლო წლიური მოხსენებით მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია გახსნა.

დღის ამბები