ჩვენი საგარეო პოლიტიკა აქტიურად იქნება მიმართული საგარეო პოზიციების გაძლიერებაზე. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია, რაც 2017 წელს ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ხელისუფლების მიზანია, საქართველო 2030 წლისთვის ყველაზე უკეთ იყოს მომზადებული იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს.
„კანდიდატის სტატუსის მიღება იყო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი ევროინტეგრაციის მიმართულებით. ბუნებრივია, აქტიურად გაგრძელდება ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და ცხრა პუნქტის შესრულებაზე მუშაობა, რისთვისაც მთავრობას უკვე აქვს დამტკიცებული შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ჩვენი მიზანია და ეს აუცილებლად ასე იქნება, 2030 წლისთვის ვიყოთ ყველაზე უკეთ მომზადებული კანდიდატ ქვეყნებს შორის იმისათვის, რომ მივიღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განცხადებით, გაგრძელდება აშშ-სთან და ნატო-სთან აქტიური თანამშრომლობა.
„გაგრძელდება თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან პოლიტიკური პარტნიორობის გაძლიერების კუთხით, სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება. ასევე, გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა ნატო-სთან. როგორც ასპირანტი ქვეყანა, საქართველო განაგრძობს ინტეგრაციის ძირითადი ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებას, წვრთნებსა და სწავლებებში მონაწილეობას, აგრეთვე პრაქტიკულ და პოლიტიკურ თანამშრომლობას ინდივიდუალურად მორგებული პროგრამის ფარგლებში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ