16 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
ყველანაირი პირობა იქნება უზრუნველყოფილი, რათა არჩევნები სათანადო გარემოში ჩატარდეს, ელექტრონული წესით ხმის მიცემა სერიოზულ პროგრესს გამოიწვევს - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკურ კონსენსუსს და არჩევნების სათანადო სტანდარტებით ჩატარებას რაც შეეხება, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევა. ნებისმიერ სახელმწიფოს განვითარებისთვის სჭირდება სიმშვიდე, მათ შორის პოლიტიკური სიმშვიდე, პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია, ინსტიტუციონალიზაცია, სადაც ჩვენ გვაქვს სერიოზული  ხარვეზები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა. 
 
კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური სუბიექტების პასუხისმგებლობა. 
 
„ჩვენ, სამთავრობო შემადგენლობა თავიდან ბოლომდე ვიქნებით კონცენტრირებული იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებთან. ამ ყველაფერში თუ იქნება უზრუნველყოფილი ყველა პოლიტიკური სუბიექტის, მათ შორის ოპოზიციის კონსტრუქციული ჩართულობა, ეს იქნება ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხარვეზები არის, არის უხეშობა პოლიტიკაში, უხეში რიტორიკა.  ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის სუბიექტური მიზეზის გამო, ეს არ არის მარტო ობიექტური ინტერესი, ქვეყნის ინტერესებშიც შედის რა თქმა უნდა, ნაკლები უხეშობა პოლიტიკაში. არის აქ ერთი სუბიექტური ინტერესი – როდესაც კონკრეტული პარტია იგებს არჩევნებს, ის სუბიექტურადაც არის დაინტერესებული, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მშვიდად მართოს ქვეყანა. ჩვენ არ ვიწყებთ ხოლმე. თქვენ გახსოვთ, როგორც დაიწყო ეს ე.წ. პოლარიზაცია, რადიკალიზმი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ეს იყო არჩევნების არცნობა, შემდეგ გახსოვთ, რა პროცესები განვითარდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როგორია რიტორიკა და ასე შემდეგ. დღეს არ მინდა ამ ყველაფერზე ვისაუბრო. მინდა, მაქსიმალურად აქცენტი გავაკეთო გეგმებზე, რომელიც მთავრობას აქვს ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა გეთანხმებით, რომ მეტი კონსენსუსი და ნაკლები რადიკალიზმი აუცილებლად სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ სისტემას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 
 
კობახიძის თქმით, პირობები იქნება ყველანაირად უზრუნველყოფილი, რათა არჩევნები სათანადო გარემოში ჩატარდეს. კობახიძის განცხადებით, ელექტრონული აპარატების მეშვეობით ხმის მიცემა გამოიწვევს სერიოზულ პროგრესს არჩევნების სათანადოდ ჩატარების კუთხით. 
 
„იცით, რომ კანონმდებლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა გასული წლების განმავლობაში, მათ შორის პირველად ისტორიაში არჩევნები ჩატარდება ელექტრონული წესით, ამომრჩევლის 91 პროცენტი ხმას მისცემს ელექტრონული აპარატების მეშვეობით საარჩევნო უბნებზე, ასევე რეგისტრაციას გაივლიან ელექტრონული აპარატების საშუალებით, რაც, ბუნებრივია, სერიოზულ პროგრესს გამოიწვევს არჩევნების სათანადოდ ჩატარების კუთხით. მოიხსნება ძალიან ბევრი პრობლემა, როგორიცაა დაუბალანსებელი ოქმების პრობლემა და ა.შ. ეს არის ძალიან სერიოზული პროგრესი, რომელიც კანონმდებლობის დონეზეა ასახული, ახლა მთავარია, საარჩევნო ადმინისტრაციამ პრაქტიკაში სათანადოდ უზრუნველყოს შესაბამისად არჩევნების ჩატარება. ასევე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო მისიების დაკვირვება და უახლოეს დღეებში გაიგზავნება ეუთო-ოდირ-ში წერილი საქართველოს მთავრობიდან, მოვიწვევთ გრძელვადიან მისიას. ჩვენი მხრიდან ყველანაირად იქნება უზრუნველყოფილი პირობების შექმნა, რათა არჩევნები ჩატარდეს სათანადო გარემოში. დაგეთანხმებით, რომ არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას პოლიტიკური კონსენსუსის გზაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები