სალომე ზურაბიშვილის ინიციატივიდან მეორე დღეს ათონელის სასახლეში ოპოზიციონერი პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ. პრეზიდენტი "ლელოს", "ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს" და პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებს ხატია დეკანოიძესა და თეონა აქუბარდიას, ინდივიდუალურად თითქმის 1 საათი ხვდებოდა. შეხვედრები ზურაბიშვილის იდეის - "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" ფარგლებში გაიმართა. ინიციატივა ზურაბიშვილმა პარლამენტში, საკუთარი ანგარიშის წარდგენისას გააჟღერა და იქვე განმარტა, რომ ეს ერთობა ევროინტეგრაციის მოტივით იქმნება.
სრულიად საპირისპირო ამოიკითხა პრეზიდენტის ინიციატივაში სახელისუფლებო გუნდმა, სადაც დარწმუნებულები არიან, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთობის იდეა ოპოზიციასთან ერთად 2024 წლის არჩევნებისთვის მზადებაა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ამ პლატფორმას, სხვა ინიციატივების მსგავსად წარმატების რესურსი არ აქვს.
სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ოპოზიციაში მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. პრეზიდენტის ინიციატივას პირველი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი გამოეხმაურა და ზურაბიშვილს ინიციატივა მოუწონა. დღეს მის პარტიაშიც თქვეს, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მათი მხრიდან მთავარი აქცენტი, სწორედ სააკაშვილის გათავისუფლებაზე გაკეთდება, თუმცა, ისიც აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით, ათონელის სასახლიდან მოწვევა არ მიუღიათ.
მიხეილ სააკაშვილის საკითხია ის მთავარი მიზეზი, რის გამოც გიორგი გახარიას პარტია სალომე ზურაბიშვილის ერთობას არ უერთდება. პარტია "საქართველოსთვის" წევრები ამტკიცებენ, რომ ვერ ითანამშრომლებენ იმ პოლიტიკოსებთან, ვისთვისაც ევროინტეგრაციის პროცესი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებაზე გადის.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა წინასწარ იყო ოპოზიციასთან შეთანხმებული, ეს კი მათი თქმით, კიდევ ერთი დასტურია, რომ ქვეყნის პრეზიდენტს და რადიკალურ ოპოზიციას საერთო ინტერესი აქვთ. სახელისუფლებო გუნდს, არც გიორგი გახარიას პარტიის ამ ერთობიდან გამიჯვნის სჯერა და - მათ დღეს "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობაც შეახსენეს.
სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში, დეპუტატების წინაშე, გუშინ შემაჯამებელი მოხსენებით წარსდგა. იდეაც ერთობის შესახებ, სწორედ ამ ბოლო გამოსვლის დროს გაასაჯაროვა.