ზოგადად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში არ არის მარტივი ვითარება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რაც გამოსწორებას საჭიროებს. მთავარია, ვნახოთ ოპტიმალური გზა, რომელიც მოგვცემს ერთდროულად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და ასევე კოლექტივის ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თავადაც იყო ჩართული რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული საკითხის განხილვაში.
მისივე თქმით, გაგრძელდება კონსულტაციები, მთავარია, ოპტიმალური გამოსავალი მოიძებნოს.
"გარკვეულ დონეზე უკვე ვიყავი ჩართული ამ საკითხის განხილვაში. რა თქმა უნდა, ყველა ასეთ საკითხი უნდა გადაწყდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ამ შემთხვევაში, ექიმებთან, მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე. რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჰყავს კოლექტივი, რომელიც დიდი ხანია, ემსახურება თავის საქმეს, არიან დამსახურებული ადამიანები და, რა თქმა უნდა, გაგრძელდება კონსულტაციები. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მათ შორის გადავადების თაობაზე. ერთთვიანი გადავადება მოხდა იმისთვის, რომ ეს საკითხი გადაიჭრას. გაგრძელდება კონსულტაციები, მთავარია, რომ ოპტიმალური გამოსავალი მოიძებნოს", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.