პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მოსმენაზე, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის ბოიკოტს გამოეხმაურა და მას გაუგებარი გადაწყვეტილება უწოდა.
"ბოლო დროს მლანძღავენ იმის გამო, რატომ არ ილანძღებიო. ვცდილობ, რომ არგუმენტებით ვილაპარაკო და ძალიან ვიკავებ თავს, როდესაც ოპოზიციონერ კოლეგებზე ვლაპარაკობ. ვიკავებ თავს, რომ თავს არ დავესხა და რაც მახასიათებდა, რომ გავშლიდი ფრთებს და დრაკონივით ვილანძღებოდი, ეგ არ ვქნა, მაგრამ რა იყო დღეს რაც ქნეს "ლელოს" და გახარიას პარტიამ?! - გუშინ, რაც თქვეს ოფიციალურად და რეალური მიზეზი ის იყო, რომ არ უნდოდათ თინა ბოკუჩავას სხდომა წაეყვანა. ბოდიში "ლელოს" და გახარიას შემადგენლობასთან, მაგრამ "ნაცებთან" და "ქოცებთან" არ დავსხდებითო ისეთი ხალხი საუბრობს, რომლებიც "ნაცებიც" იყვნენ და "ქოცებიც." ზოგიერთი იმ პარტიაშიც იყო და ამ პარტიაშიც და ახლა მე მასწავლიან ჭკუას, იქ არ დაჯდე, შეიძლება უცებ "განაცდეო." შეხედეთ, მე გულზე არ მეხატება და არ მახარებს ის ამბავი, რომ ყველაზე მეტი დეპუტატი ოპოზიციიდან დღეს პარლამენტში ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობას", მაგრამ კანონის უზენაესობა რა არის - რაც მოგწონს იმას დაემორჩილები და რაც არ მოგწონს, არაა - ეს ხომ არ არის კანონი?! - კანონი არის კანონი. ყველაზე მეტი დეპუტატი ვისაც ჰყავს ოპოზიციაში, გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრას ლოგიკურად და სამართლიანად უნდა ხელმძღვანელობდეს ის - თინა ბოკუჩავა. მე მერჩივნა ჩემს თანაპარტიელ, ქეთი თურაზაშვილს წაეყვანა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ 2 მანდატი არის. დღეს ეს მოცემულობაა. მე არ მეხატება "ნაცმოძრაობა" გულზე, მაგრამ რახან ისინი არიან, წაიყვანოს მეთქი, რა პრობლემაა?! - აქ არის საუბარი მოდერატორობაზე, ჩემს უფროსად ხომ არ ამირჩევია თინა ბოკუჩავა?! - ამაზე ვიღაცები აიჯაგრნენ და კი, ეს იყო რეალური მიზეზი და თქვეს, რომ "ნაცებთან" და "ქოცებთან" დაჯდომა არ გვინდაო. მერე უკვირთ ოპოზიციას, რატომ დაგვცინის ხალხი და რატომ არ გვიყურებს სერიოზულად. ასეთი რაღაცეები მაცოფებს... გუშინ ხომ სესიაზე ერთად ვისხედით, ხვალაც ხომ "ნაციონალებიც" იქნებიან დარბაზში და "ქართული ოცნების" წევრებიც, ანუ ოთხშაბათი არ უყვართ?! - დღეს რა იყო, ჭიკარტები დაგვიწყვეს სკამზე?!" - აღნიშნა ელისაშვილმა.