16 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
"ვეტინგი არის იმის აღიარება, რომ შენ არ ხარ შემდგარი სახელმწიფო" - ირაკლი კობახიძე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით აკაკი მინაშვილის შეკითხვას პასუხობს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე პარლამენტში დეპუტატ ენმ-ს წევრი დეპუტატის, აკაკი მინაშვილის კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში ე.წ. ვეტინგი არ განხორციელდება, რადგანაც, მისი შეფასებით, ეს მოვლენა ანტიკონსტიტუციურია.

"რაც შეეხება სასამართლო სისტემას, კონკრეტულად ე.წ. ვეტინგზე იქნა ყურადღება გამახვილებული. კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, რა არის ვეტინგი - იქმნება ერთგვარი არაფორმალური ჯგუფი კანონის საფუძველზე, მაგრამ არაფორმალური ჯგუფია, სადაც უცხოელებიც მონაწილეობენ და ხდება მოქმედი მოსამართლეების გადახედვა. შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს მათი სისტემიდან გაშვებით, რაც არის ანტიკონსტიტუციური მოვლენა არა მარტო ქმედებით, არამედ მატერიალური თვალსაზრისით, თავისი არსით ეწინააღმდეგება ასეთი რამ კონსტიტუციასა და მის სულისკვეთებას. ასეთ დარღვევას აქვს ადგილი სხვადასხვა ქვეყანაში.

ერთ-ერთ ქვეყანაში, ჩვენდა სამწუხაროდ, ქალბატონი ნონა წოწორია არის ჩართული, რომელიც ადეიშვილის მოადგილე იყო, ვინც სწორედ მსგავსი მეთოდი გამოიყენა საქართველოში სასამართლო სისტემაზე ტოტალური კონტროლის დასამყარებლად, იმ ადამიანის მოადგილე დღეს სხვა ქვეყანაში იმავე მეთოდს იყენებს. ვნახოთ, რით დასრულდება, მაგრამ წოწორიას რეფორმა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მის სულისკვეთებას და გარდა ამისა, ვეტინგი არის იმის აღიარება, რომ შენ არ ხარ შემდგარი სახელმწიფო. ეს არის შესაბამისი ქვეყნების უფლება.

უკრაინას შეუძლია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, მოლდოვასაც შეუძლია ეს გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ საქართველო არ არის შემდგარი სახელმწიფო, იმიტომ, რომ ვიღაც-ვიღაცებისგან განსხვავებით, საქართველო ნამდვილად არის შემდგარი სახელმწიფო, ინსტიტუციურად გამართული სახელმწიფო. ამიტომ წოწორიას რეფორმა ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები