16 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
"ოლიგარქები საკუთარ რიგებში მოიკითხონ ვიღაც-ვიღაცებმა" - ირაკლი კობახიძე "ლელოს" წარმომადგენელ ანა ნაცვლიშვილს პასუხობს

პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს უსმენენ, დეპუტატები მას კითხვებს უსვამენ და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ. ერთ-ერთი კითხვა მას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა დაუსვა, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხებოდა.

"როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თეორიულად მაინც, პრემიერი, რომელსაც ასახელებს ადამიანი, რომელსაც ევროპის პარლამენტი უწოდებს რუს ოლიგარქს, შეძლებს თუ არა მოახდინოს დეოლიგარქიზაცია?" – მიმართა კითხვით ანა ნაცვლიშვილმა ირაკლი კობახიძეს. 

როგორც ირაკლი კობახიძემ ანა ნაცვლიშვილის კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, ტყუილია, თითქოს ევროპარლამენტი მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად.

"ქალბატონმა ანამ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი მიიჩნევს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად, რაც არის ტყუილი. ერთადერთი ევროპარლამენტარი იყო, რომელმაც ასეთი განცხადება გააკეთა. რაც შეეხება რეზოლუციებს, რომლებიც დამტკიცდა მსგავსი შინაარსით, ეს რეზოლუციები იყო უსამართლო, ჩვენ გამოვთქვით ჩვენი დასაბუთებული კრიტიკა და მას შემდეგ ასეთი რეზოლუციები ევროპარლამენტში აღარ მიიღება. შეგახსენებთ, რომ ქალბატონი ანა არის იმ პარტიის წარმომადგენელი, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ ნამდვილი ოლიგარქი. ბატონ ხაზარაძეს ძალიან მძიმე ფორმით აქვს თავის დროზე ნაშოვნი ფული. შესაბამისად, ოლიგარქები საკუთარ რიგებში მოიკითხონ ვიღაც-ვიღაცებმა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არის არა ოლიგარქი, არამედ ქველმოქმედი, მეცენატი, რომელსაც უამრავი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები