16 ნოემბერი 2024,   05:01
ვრცლად
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პარლამენტში კენჭისყრამდე დღეს უკვე 9 საათია უსმენენ - ირაკლი კობახიძესა დეპუტატებს შორის კითხვა-პასუხი ყველა აქტუალურ თემას შეეხო

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს, პარლამენტში გამოსვლისას დღეს 50-ზე მეტი კითხვა და არანაკლები დამაზუსტებელი შეკითხვა თითქმის ყველა სფეროსთან დაკავშირებით დაუსვეს. კრიტიკული შინაარსის მიუხედავად, გუშინდელის მსგავსად, დღევანდელმა შეხვედრამაც მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა.

ყველაზე მეტი კითხვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დასვეს. აკაკი მინაშვილის კითხვა 9 დათქმის შესრულებას უკავშირდებოდა. იმას, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება იუსტიციის საბჭოსა და მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას და რატომ არ იყენებს ამისთვის კონკრეტულ მეთოდს. ის, რაც "ნაციონალური მოძრაობას" სასამართლოს სისტემის გაჯანსაღებად წარმოუდგენია, კობახიძის თქმით, ანტიკოსტიტუციურია.

"ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ რამდენიმე კითხვა გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა დასვეს. გაიხსენეს მომავალი პრემიერის ხმაურიანი განცხადებები ყოფილ პრემიერზე. ბექა ლილუაშვილის გამოსვლას დარბაზში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების რეპლიკა მოჰყვა. შეკითხვის ადრესატმა კი კითხვის ავტორებს პასუხი მალევე დაუბრუნა.

შესაძლო კორუფციის თემამ აქტუალობა არც დღეს დაკარგა. მთავრობის მეთაურმა საპარლამენტო ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ თქვა, რომ კორუფციასთან კავშირი არასდროს ქონია და ამ საკითხის მიმართ ლოიალური არც არასდროს იქნება.

ციფრებით მანიპულაციის ბრალდება დღეს დარბაზში არაერთხელ გაჟღერდა. გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძისგან სიღარიბის დაძლევისა და სამუშაო ადგილების შექმნის ზუსტ გეგმას ითხოვდა, თუმცა კითხვის დასმის შემდეგ დარბაზი ისე დატოვა, რომ პასუხს არ დალოდებია. ირაკლი კობახიძემ კი კონკრეტულ სფეროებში გაზრდილ მაჩვენებლებზე ისაუბრა და ისიც გაიხსენა, თუ რა ვითარება იყო ამ მიმართულებით წარსულში, მათ შორის მაშინ, როცა ვაშაძე ყოფილი ხელისუფლების დროს თანამდებობის პირი იყო.

ვინ არის საქართველოში ოლიგარქი და როგორ შეძლებს დეოლიგარქიზაციის უზრუნველყოფას პრემიერ-მინისტრი - კითხვა "ლელო" მხრიდან დაისვა და პასუხად ამჯერადაც ის მიიღეს, რომ ოლიგარქების სიაში მათივე ლიდერი მამუკა ხაზარაძე მოიაზრება.

ირაკლი კობახიძის თქმით, პრიორიტეტულია გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანების დახმარება და იმ პირების დასჯა, ვინც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობა ჩაიდინეს.

2008 წელი პოლიტიკური ბრალდებების საფუძველი დღესაც გახდა. ხატია დეკანოიძის გამოსვლას პასუხი "ქართული ოცნების" წევრებმა დარბაზშივე გასცეს.

ოპოზიციის გამოსვლებს დღეს "ოცნების" დეპუტატებიც პასუხობდნენ. ნაწილის საუბარი სახელისუფლებო პარტიის წევრებს შერბილებული ეჩვენა და ამის კონკრეტული მიზეზებიც დაასახელეს.

წინა სხდომაზე ალეკო ელისაშვილისთვის ჩაცმის სტილზე შენიშვნის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს და სახელმწიფო ატრიბუტიკის არასწორ ტარებაზე მიუთითა. ანა ნაცვლიშვილს შენიშვნა არ გაუზიარებია, თუმცა შეცვლილი იმიჯით პარლამენტში დღეს ალეკო ელისაშვილი მივიდა.

სხდომათა დარბაზში ალეკო ელისაშვილის ეროვნულ სამოსში გამოჩენამ დეპუტატების განწყობა შეცვალა. მოქალაქეების ლიდერს ჟესტი შალვა პაპუაშვილმაც მოუწონა.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა საკანონმდებლო ორგანოში დღის 8 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

დღის ამბები