მთავრობის შემადგენლობაში ერთადერთი ახალი მინისტრია. პრემიერ-მინისტრის გარდა, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის უწყებას შეეხო. თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა.
ირაკლი ჩიქოვანმა მინისტრის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა და შესაძლო საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.
"საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით მე მექნება კონსულტაციები როგორც პრემიერ-მინისტრთან, ასევე მექნება საუბრები უშუალოდ იმ ადამიანებთან, ვინც აქამდე იკავებდნენ მინისტრის მოადგილეების პოსტებს. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ ერთობლივად და რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების შემდეგ ვაცნობებთ მედიას. წინასწარი კომენტარები, წინასწარი ინფორმაცია, რომელზეც თქვენ საუბრობთ და აკეთებთ მინიშნებებს, მე გეტყვით, რომ ასეთი კონსულტაციები ჯერ არ გვქონია და შესაბამისად, სხვა ინფორმაცია, რაც არ უნდა იყოს და არსებობდეს გარეთ, ეს არ არის სიმართლე", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.