მადლობა მინდა ვუთხრა გუნდის წევრებს, ჩვენს ლიდერებს ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა მთავრობის ამ შემადგენლობას და მაძლევს საშუალებას, ვემსახურო ჩემს სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე - ამის შესახებ თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, პარლამენტში ნდობის გამოცხადების შემდეგ, მინისტრის რანგში გამართულ პირველ ბრიფინგზე განაცხადა.
"თავდაცვის უწყება და ჩვენი თავდაცვის ძალები არის ძალიან დიდი ორგანიზმი, რომელსაც აქვს კონკრეტული განვითარების გეგმა, ეს გეგმა გაწერილია ჩვენს ხედვაში, რომელიც 2030 წელთან მიმართებაში გვაქვს, ასევე სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში, ხუთწლიან გეგმაში და დირექტივებში. ბევრი შიდა უწყებრივი დოკუმენტი არსებობს, რომელზეც ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ნაფიქრი და ჩვენ განვითარებას გავაგრძელებთ ამ დოკუმენტით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის უწყებაში იყოს უზრუნველყოფილი მდგრადობა და მეორეს მხრივ განვითარების თვალსაზრისით განჭვრეტადობა. ჩემი ამოცანა იქნება, მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველვყო და მხარი დავუჭირო ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და აბსოლუტურად ყველა ოფიცრის, გენერლის, კაპრალის, რიგითის თუ ყველა ადამიანის გვერდით ვიდგები, რომელიც თავდაცვის უწყებაში მსახურობს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.