"რუსეთმა ჯერ ვერ მიაღწია თავის მიზნებს უკრაინასთან ომში," - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ტაკერ კარლსონთან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს განაცხადა. პუტინი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, უკრაინას და რუსეთს შორის მოლაპარაკება შედგება, ხალხთაშორისი ურთიერთობები კი აღდგება.
პუტინმა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული განცხადებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ უკრაინისა და საქართველოსთვის NATO-ს კარის გახსნის შესახებ მიცემული პირობა დასავლეთის მოსკოვთან დადებული შეთანხმების დარღვევა იყო.
"რუსეთმა ჯერ ვერ მიაღწია სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს, კერძოდ, ერთ-ერთი მათგანია დენაციფიკაცია, რომელიც ითვალისწინებს ყველა ნეონაცისტური მოძრაობის აკრძალვას. ომი უკრაინამ დაიწყო და რუსეთის მიზანია მისი შეჩერება. რუსეთი 2014 წელს იძულებული გახდა ყირიმი თავისი დაცვის ქვეშ მიეღო, რადგან ნახევარკუნძული საფრთხის ქვეშ იყო.
ადრე თუ გვიან უკრაინა და რუსეთი მაინც მივა შეთანხმებამდე და იცით რა? შეიძლება უცნაურადაც კი ჟღერდეს დღევანდელ სიტუაციაში: ხალხებს შორის ურთიერთობა მაინც აღდგება. ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ აღდგება საბოლოოდ.
2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მათ განაცხადეს, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის NATO-ში გაწევრიანების კარი ღია იყო. ასე არ ვიყავით შეთანხმებული. ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მიიღება იქ გადაწყვეტილებები. როგორც ჩანს, წინააღმდეგი იყვნენ გერმანია და საფრანგეთი, ისევე, როგორც ზოგიერთი სხვა ევროპული ქვეყანა. ამ ქვეყნებზე კი ჯორჯ ბუშმა მოახდინა ზეწოლა და ისინი იძულებულები გახდნენ დათანხმებოდნენ," - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.