შეიცვლება თუ არა მთავრობის სტრატეგია ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ - ოპოზიცია მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელოდება. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია"-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ამას თავად ირაკლი კობახიძის სიტყვები მოწმობს.
"არსებითად არაფერი შეიცვლება და ეს, რეალურად, დაადასტურა კიდეც როდესაც ირაკლი კობახიძემ, როგორც პრემიერობის კანდიდატმა თქვა, რომ ეკონომიკური მიმართულებით აღინიშნება ფუნდამენტური პროგრესი და მისთვის მთავარია ამ დინამიკის შენარჩუნება და არა შეცვლა,"-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მოლოდინებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მთავარი წინასაარჩევნო პერიოდი იქნება.
"ირაკლი კობახიძე, ერთის მხრივ, არის ძალიან კვალიფიციური, მაგრამ არ ვიცი როგორი პრემიერ-მინისტრი იქნება, ვნახოთ, დავაკვირდეთ. რაც მართალია, მართალია, რომ ნამდვილად არასდროს მსმენია, რომ რაიმე ფორმით კორუფციასთან კავშირი ჰქონოდა. ჩემი აზრით, მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ - 26 ოქტომბრამდე ქვეყანა უნდა მივიყვანოთ ნორმალურად და წინასაარჩევნო პერიოდში არ ვნახოთ ტრადიციულად რა სცენებიც არის ხოლმე - ცემა-ტყეპა, ოპოზიციის გასისხლიანებული აქტივისტები და ა.შ. ამას თუ არ ვნახავთ და მშვიდად თუ მივალთ 26 ოქტომბრამდე, ეს უკვე კარგი იქნება,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
"რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია აღნიშნავს, რომ ფუნდამენტურ რეფორმებს არ ელოდება, თუმცა მისთვის საინტერესოა, თუ რას მოიმოქმედებს ახალი მთავრობა NATO-სთან დაახლოვების კუთხით.
"სწორი პოლიტიკური ჟესტია ის, რომ ის მიდის ბრიუსელში, სადაც არის NATO- ს და ევროკავშირის შტაბ-ბინა. მე მაინტერესებს - ის, მისი მთავრობა, თუ იმუშავებს იმისთვის, რომ საქართველომ ხელშესახები შედეგი დადოს, მათ შორის, მაპ-ის ვალდებულების ამოღებასთან დაკავშირებით.
რას მოიმოქმედებს, განსაკუთრებით, NATO-ს საიუბილეო, ვაშინგტონის სამიტთან მიმართებაში. მე არ მაქვს დიდი მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" ფუნდამენტურ რეფორმებს განახორციელებს, რადგან მათთვის ეს ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია, როგორც ჩანს, მაგრამ როგორც ერთი დეპუტატი, პარლამენტიდან ამ პროცესს ზედამხედველობას გავუწევ და, იმედი მაქვს, მეტი თანამშრომლობა იქნება პარლამენტთან, როგორც დაგვპირდნენ და, მინიმუმ, პასუხებს მაინც მივიღებთ პრემიერ-მინისტრისგან,"-განაცხადა თეონა აქუბარდიამ.