პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. საკანონმდებლო ორგანომ ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესში დაგეგმილ ცვლილებებს კენჭი უყარა. "საარჩევნო კოდექსსა" და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი 81-ხმით 7-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღეს.
პარლამენტში დისკუსია და დებატები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცვლილებებისთვის მხარი არ დაუჭერია ოპოზიციას.
მთავარი საკითხი, რაც ოპოზიციისთვის სადავოა, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმებაა. საუბარია მოადგილეზე, რომელიც პარტიული წევრებისგან ინიშნება.
კენჭისყრამდე განცხადება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" წევრმა ხატია დეკანოიძემ.
"უნდა გვესმოდეს, რომ აქ ვენეციის კომისიაზე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრინციპზეა საუბარი, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი 2024 წლის კონტექსტში. პასუხისმგებლობას ვინ აიღებს, როდესაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ცალსახად არ შესრულდება", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი ინტერესია, ცენტრალური საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდეს ოპოზიციის პარტიული წარმომადგენელი.
"ოპოზიციის მთავარი წუხილი არის, რომ აქვთ ინტერესი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდეს ოპოზიციის პარტიული წარმომადგენელი და სწორედ ეს არის ის საკითხი, რაც მათ აღელვებთ, ვინაიდან, შესაბამისი ბერკეტები ამ ცვლილებების შედეგად ხელიდან ეცლებათ", - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
შეგახსენებთ, კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით გასული წლის სექტემბერში მიიღო, რის შემდეგაც დასკვნისთვის ის ვენეციის კომისიას გაეგზავნა.